ადვოკატი – როგორც იურიდიული პირის სახელით ფიზიკური პირის იურიდიული დახმარების გამწევი, ისევე როგორც პირველი პროკურორი და მოსამართლე, საკანონმდებლო დონეზე პირველად ძველი რომის იმპერიაში გამოჩნდა. თუმცა კი, აღნიშნულ პროფესიას საფუძველი ძველ საბერძნეთში – “ბრბოს სასამართლოს” მოქმედების პერიოდში ჩაეყარა. იმ პერიოდისათვის ადვოკატის ფუნქციებს ათენში ლოგოგრაფები ასრულებდნენ. პირველ ადვოკატად მიჩნეულია ძველ ბერძენი პროფესიონალი ლოგოგრაფი – ანტიფონე. ამასთანავე, სწორედ ანტიფონე გახლდათ ის პირველი ადამიანი იურისპოდენციის ისტორიაში, რომელმაც სასამართლოზე წარმოთქმული ბრალდებულის დასაცავი სიტყვისათვის, ბრალდებულებსვე გარკვეული გასამრჯელოს გადახდა დააკისრა.
ძველ რომაელ ადვოკატებს, რომლებიც შესანიშნავი მჭერმეტყველებითა და ორატორული ნიჭით გამოირჩეოდნენ, კანონების ბევრი არა გაეგებოდათ რა. შესაბამისად, ისინი ცდილობდნენ მოსამართლეებზე და სასამართლო სხდომებზე დამსწრე საზოგადოებაზე გავლენა თავიანთი ორატორული ხელოვნებით მოეხდინათ. პირველი ადამიანი, რომელმაც ადვოკატის პროფესიას განსაკუთრებული დანიშნულება და სახელი შესძინა, გენიალური ძველი რომაელი პოლიტიკოსი და მოაზროვნე – მარკუს ტულიუს ციცერონი (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები) გახლდათ. ძველი რომის რესპუბლიკურ პერიოდში ადვოკატობა თავისუფალი პორფესია იყო და იგი არ გახლდათ შეზღუდული რაიმე კორპორატიული უფლებებით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ კორპორაცია პროფესიონალი ადვოკატებისა ჩამოყალიბებული იქნა მხოლოდ და მხოლოდ იმპერიის ეპოქის რომში.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.