ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა

თანამედროვე სახელმწიფოში ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელისუფლებო ძალაუფლების მატარებელი სუბიექტის, მოვალეობაა საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების იმგვარად განხორციელება, რომ დაცული იყოს კერძო პირთა უფლებები მათი არამართლზომიერი შეზღუდვის, მატერიალური ან/და მორალური ზიანის ასაცილებლად.
ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირები, სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტები, პასუხს აგებენ სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ან მორალური ზიანის გამო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მის საფუძველზე საქართველოს სასამართლოების მიერ წლების განმავლობაში დადგენილი პრაქტიკის მიხედვით ადაპტირებულია ზიანის ანაზღაურების   შესაბამისი წესები (მათ შორის წინაპირობები).
თუმცა ამა თუ იმ პირს შეიძლება ზიანი მიადგეს არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მხრივაც, ესენი არიან სახელმწიფო ან მუნიციპალური ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან კანონის საფუძველზე დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სხვა პირები. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში ზიანის მიმყენებელ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა დაზარალებულის მიმართ იმ წესით, რომელიც ძირითადად მსგავსია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ზიანის ანაზღაურების პროცედურისა, თუმცა ახასიათებს გარკვეული თავისებურებებიც.
შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სუბიექტებისთვის, მათ შორის ადვოკატებისთვის, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის დადგენილი წესების სწორად და ერთნაირად გაგება.
აღსანიშნავია, რომ თვით მოწინავე დასავლურ ქვეყნებშიც კი – საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია – სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ჩათვლით იქნა სრულად კანონმდებლობით აღიარებული. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, კონტინენტური სამართლის ქვეყნებისგან განსხვავებით, ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნებში სახელმწიფო ორგანოთა პასუხისმგებლობა სხვადასხვა შემთხვევაში არასრულია.
რაც შეეხება საქართველოს, ამ კუთხით არსებული სამართლებრივი ვაკუუმი  დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ ნაწილობრივ მხოლოდ 1997 წელს შეავსო, კერძოდ, ახლად მიღებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით დადგინდა სახელმწიფო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის შემდეგი სტანდარტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1997 წლის 27 ივნისის რედაქცია):
„1. თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.
3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდადების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება, სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს“ (დღეის მდგომარეობით სკ-ის 1005-ე მუხლის მოქმედ რედაქციას არსებითად იგივე შინაარსი აქვს).

ამდენად, ვიდრე საქართველო მიიღებდა და აამოქმედებდა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენელთა არამართლზომიერი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით რეგულირდებოდა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია 1999 წლის 17 ივნისს და მოქმედებს 2000 წლის 1 იანვრიდან.
საჯარო მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი სუბიექტების განსაზღვრებისთვის კონკრეტული ნორმა კანონმდებელმა სწორედ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში გაითვალისწინა და ყველა ეს ორგანო ერთი ცნების – „ადმინისტრაციული ორგანოს“ სახელით გააერთიანა. სზაკ-ის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა „ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.“
რაც შეეხება საკუთრივ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესსა და წინაპირობებს, ამ საკითხს არეგულირებს კოდექსის XIV თავი, რომლის საფუძველზე დადგენილ ადმინისტრაციულ ორგანოთა პასუხისმგებლობის სტანდარტს შეიძლება პროგრესული ეწოდოს. ამის დასტურად უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ გათვალისწინებულია არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული (არამართლზომიერი) ქმედების, არამედ არაბრალეული, ე. ი. კანონიერი და მართლზომიერი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ქმედების გამოც.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები, თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის რეგულირების შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის ნორმები მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენონ, თუკი შესაბამისი საკითხი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არ რეგულირდება.
აღნიშნული დანაწესის სწორი გაგება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე პრობლემატურია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ზიანის ანაზღაურების დროს სამოქალაქო კოდექსის ნორმების, განსაკუთრებით 1005-ე მუხლის, გამოყენების საკითხი რეგულაციების გარკვეული კოლიზიის თვალსაზრისით, ამიტომ ამ საკითხს ქვემოთ ვრცლად შევეხებით.
სზაკ-ის 208-ე მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფო და მუნიციპალური ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო თუ საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს. ხოლო, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე ახორციელებს, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებულ ზიანზე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტია პასუხისმგებელი.
როგორც ვხედავთ, აქ უკვე აღარ არის მითითებული კონკრეტულ საჯარო მოხელეთა პირად პასუხისმგებლობაზე, ზიანზე ვალდებული სუბიექტი კი კონკრეტულია: სახელმწიფოა ან მუნიციპალიტეტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლიდან საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოთა პასუხისმგებლობის სტანდარტიც შესაბამისად იქნა განსაზღვრული, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოწვეული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პრინციპი, რომლის დაცვაც შიდა საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ასევე სამოქალაქო კოდექსით.
თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული დანაწესების სწორი განმარტება და პრაქტიკაში დანიშნულებისამებრ გამოყენება.

უპირველესად შევეხებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივ მიმართებას სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველსა და მე-2 ნაწილებთან – უშუალო ზიანის მიმყენებელი კონკრეტული საჯარო მოხელის სოლიდარული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებამდე იყო ერთადერთი ნორმა საჯარო სამართლის სუბიექტის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანის საკითხის სამართლებრივი მოწესრიგებისთვის. ეს ნორმა განიხილავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის დამატებით წინაპირობად ქმედების ჩამდენი საჯარო მოხელის ბრალეულობას და განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში სახელმწიფოსთან ერთად მას სოლიდარულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე („თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი“), სინამდვილეში არავითარი კოლიზია არ იქმნება და ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ამ საკითხში ძალიან კონკრეტული და მკაფიოა, კერძოდ: სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს (იგულისხმება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები), აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს (იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები), აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
ამით კანონმდებელმა გარკვევით დაადგინა, რომ დაზარალებულ პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წაყენება შეუძლია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო ან მუნიციპალური ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და, ამასთან, არც ინდივიდუალურად და არც სოლიდარულად არ შეიძლება განიხილებოდეს ზიანის მიმყენებელი კონკრეტული საჯარო მოსამსახურის, მოხელის, თანამდებობის პირის/თანამშრომლის პირადი პასუხისმგებლობა დაზარალებულის წინაშე.

რასაკვირველია, ეს წესი მოქმედებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაშიც, როცა მოპასუხედ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანო უნდა იქნეს დასახელებული და არა მასთან ერთად კონკრეტული საჯარო მოხელეც, რომლის ქმედებამ მოუტანა ზიანი მოსარჩელეს.
ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით იმპერატიულად, ხაზგასმულად იქნა დადგენილი ზიანზე პასუხისმგებელი სუბიექტი – ადმინისტრაციული ორგანო, დაზარალებულს/მოსარჩელეს, ასევე დავის განმხილველ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შესაბამისად არ აქვს უშუალო ზიანის მიმყენებელი საჯარო მოხელის სოლიდარული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების გამოყენების უფლება.
მაგალითად, თუკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიის ან საჯარო რეესტრის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებით, განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ზიანი მიადგა მოქალაქე „ა“-ს, დაზარალებულმა „ა“-მ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის დროს მოპასუხედ უნდა მიუთითოს მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო და არა კონკრეტული ზიანის მომტანი ქმედების განმახორციელებელი თანამშრომელი.
ამის საპირისპიროდ, ვინაიდან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და გამოძიების მწარმოებელი ორგანოების, ასევე პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება შეზღუდულად ვრცელდება ან საერთოდ არ ვრცელდება (იხ. სზაკ-ის მე-3 მუხლი), დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ შემთხვევებში ზიანის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ასევე შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით; ე. ი. ამ შემთხვევაში დაზარალებული არ იზღუდება სზაკ-ის 208-ე მუხლით და მას შეუძლია შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად მოთხოვნა კონკრეტული თანამშრომლისგან (მაგ., გამომძიებლისგან, პროკურორისგან) და სასამართლოში მოპასუხედ მითითება.

კანონმდებელმა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის კიდევ ერთი თავისებურება ისეთი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ შემოგვთავაზა, რომელიც არ არის სახელმწიფო ან მუნიციპალური ორგანო და არც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არამედ კერძო სამართლის ისეთი სუბიექტია, რომლის ადმინისტრაციული სამართალსუბიექტობა დელეგირებული საჯარო უფლებამოსილებით არის განპირობებული.
ასეთებია, მაგალითად, კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიები: სს „თელასი“, შპს „თბილისი ენერჯი“ და ა.შ., რომლებსაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისგან კანონის საფუძველზე დელეგირებული აქვთ თბილისის ტერიტორიაზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების ფაქტების გამოვლენისა და მათზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე ახორციელებს, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.
ამ ნორმის მიხედვით, მაგალითად, თუკი სს „თელასის“ თანამშრომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს, როცა ის მოქმედებს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, ზიანს მიაყენებს რომელიმე კერძო პირს, დაზარალებულის მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება არა სს „თელასს“, არც უშუალოდ ამ თანამშრომელს, არამედ ამ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც აღნიშნული საჯარო უფლებამოსილების სს „თელასზე“ დელეგირება განახორციელა.
რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ მსგავს შემთხვევებში ზიანის ანაზღაურების დროს კერძო სამართლის სუბიექტზე საჯარო უფლებამოსილების მადელეგირებელ სახელმწიფო ან მუნიციპალურ ორგანოს აქვს ამ სუბიექტის მიმართ რეგრესული მოთხოვნის წაყენების უფლება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკანონმდებლო რეგულაციების განმარტების დროს, გახლავთ ბრალეულობა, როგორც პასუხისმგებლობის ერთ-ერთი წინაპირობა.

ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების ადმინისტრაციულ ორგანოებზე გავრცელება, საჭიროა იმისი ხაზგასმაც, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანი უნდა დაეკისროს არა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი ყველა წინაპირობის არსებობისას (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ზიანი.), არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ცალკეულ შემთხვევაში უნდა დაეკისროს ბრალის გარეშეც.
საჯარო სამართალი იცნობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც სამართლებრივ სიკეთეთა ხელყოფა გამოწვეულია კანონიერი ქმედებით. მასში იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა, მაგალითად, საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების შეზღუდვა/ექსპროპრიაცია. მსგავს შემთხვევებში სახელმწიფოს ეკისრება კომპენსაციის გადახდის ვალდებულება მათთვის, ვინც იძულებულია თავისი განსაკუთრებული უფლება და უპირატესობანი საერთო კეთილდღეობისათვის დათმოს.
სწორედ ამგვარად უნდა იქნეს გაგებული სზაკ-ის 209-ე მუხლის შინაარსი: თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად აუცილებელია, ზიანის გამომწვევი ქმედება უკავშირდებოდეს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, იყოს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (ან არაბრალეული – ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში), მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან და ზიანი ადგებოდეს სხვა პირს. საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესი მოიცავს ამ უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო მოხელეებისა თუ დელეგირებული უფლებამოსილებით მოქმედი კერძო პირების ქმედებებს.

პირის ქმედების საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებით განხორციელებულ საქმიანობად განხილვისას უნდა შეფასდეს ამ კონკრეტული საქმიანობის პროცესში მისი მიზანი იყო თუ არა სახელისუფლებო საქმიანობის განხორციელება და ამ მიზანსა და ზიანის გამომწვევ ქმედებას შორის არის თუ არა ისეთი მჭიდრო კავშირი, რომ ეს ქმედება სახელისუფლებო საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულად განიხილებოდეს. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ მის ფუნქციაზე, დავალებაზე, რომლის შესრულებასაც კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელებული საქმიანობა ემსახურება. ადმინისტრაციული ორგანოსთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელია ზიანის გამომწვევი ქმედება გამოიხატებოდეს სხვა პირის მიმართ არსებული სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევაში. მესამე პირებს, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივი მოვალეობა ირღვევა, შეიძლება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიც წარმოადგენდნენ და ამათში მხოლოდ კერძო პირები არ იგულისხმებიან (მაგ., სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში და ა.შ.).
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებულ მართლწინააღმდეგობისა და ბრალის განმარტებას, ამ შემთხვევაში რაიმე განსხვავებული მიდგომა არ გამოიყენება. მართლწინააღმდეგობა გამოიხატება საჯარო მოხელისათვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევაში, ხოლო ბრალეულად მოქმედებს ის, ვინც განზრახ ან შეგნებულად, საკუთარი ნებით ან გაუფრთხილებლობით ლახავს კანონით დაცულ ფასეულობებს.
თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის შემთხვევაში არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გამოცდილება და სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, გაცილებით პრობლემურია ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი სხვა პირისათვის მიყენებული არაქონებრივი ზიანის შემთხვევაში.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არაქონებრივი (მორალური) ზიანი ძირითადად წარმოიშობა, როდესაც: ა) ადამიანი სხეულის ან ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგად სხეულებრივ ან სულიერ ტკივილს განიცდის და ბ) ხელყოფილია ადამიანის პიროვნული (პირადი არაქონებრივი) უფლებები.
ვინაიდან არაქონებრივი (მორალური) ზიანის შემთხვევაში შეუძლებელია მიყენებული ზარალის ფულადი სახით ობიექტურად გამოსახვა, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის შესანარჩუნებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი ადგენს გარკვეულ საზღვრებს და მოთხოვნის უფლებას გამონაკლისის სახით უშვებს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევებისთვის: 1. არაქონებრივი ზიანის გამო ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით; 2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია ანაზღაურება მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის გამოც.

თუკი მოხმობილ ნორმებს ვრცლად განვმარტავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილში მითითებულ „კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში“ არ იგულისხმება მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივი ნორმატიული აქტები: არაქონებრივი ზიანისათვის ფულად ანაზღაურებას შეიძლება ადგენდეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც, უფრო მეტიც, – თვით საკონსტიტუციო ნორმა.
მაგალითად, ამ თვალსაზრისით შეიძლება ვახსენოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის ახალი რედაქცია, რომლის პირველი ნაწილით დადგინდა, რომ ყველას აქვს  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. როგორც ამის შესახებ ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ყველასთვის გარანტირებულად გამოცხადდა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისგან.
აქედან გამომდინარე, ერთი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით, კონსტიტუციური რანგის უფლებად ჩამოყალიბდა, და, მეორე, ამავე მუხლით დადგინდა სახელმწიფო ორგანოების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულება.
მიუხედავად იმისა, რომ  პირდაპირ არ არის მითითებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უფლებაზე, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება ისევე განიმარტოს, როგორც უკანონო თავისუფლების აღკვეთის ან პატიმრობის შემთხვევაშია სასამართლო პრაქტიკით დადგენილი, ადმინისტრაციულ ორგანოს კი დაეკისროს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

თუ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდი შეუსაბამოდ და უსაფუძვლოდ გაჭიანურდება, რაც, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია ადმინისტრაციული ორგანოების უმეტესობაში, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს მატერიალურ ზიანთან ერთად შეიძლება მიადგეს არაქონებრივი (მორალური) ზიანიც, რომელიც თავს იჩენს გადაწყვეტილების უსაფუძვლო და არაგონივრული დაყოვნებით გამოწვეულ უარყოფით განცდებსა და ფსიქოლოგიურ/ სულიერ ტანჯვაში.
რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, თუ კანონმდებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლების დარღვევით მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უფლებასა და წესს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრავს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლოს დღესვე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული ორგანოსთვის არაქონებრივი ზიანის დაკისრების თაობაზე, რაც ერთ-ერთი ეფექტური საშუალება გახდება მზარდი ბიუროკრატიის შესაჩერებლად თუ თავიდან ასაცილებლად.

წყარო: იხილეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading