Lawhub

მიგნებები განათლების სექტორში

    განათლების სისტემის ჩამოყალიბება და ეფექტური ფუნქციონირება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დემოკრატიული სისტემის კონსოლიდაციაც უფრო მარტივია ისეთ სახელმწიფოებში , სადაც განათლების ხარისხი და დონე უფრო მაღალია. განათლების უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა, რომლის, რეალიზაციაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არა მხოლოდ პიროვნების, არამედ მთელი საზოგადოების განვითარება. რაც უფრო მაღალია მთლიანად საზოგადოების განათლების დონე, მით უფრო გარანტირებულია საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა. თუ უფრო სიღრმისეულად მივუდგებით საკითხს და შიდა პოლიტიკის დონეზე განვიხილავთ განათლებას, როგორც სახელმწიფოს სერვისს, რომელსაც ის თავის საზოგადოებას სთავაზობს, მაშინ უნდა ითქვას, რომ ის უნდა იყოს უნივერსალური, საყოველთაო და ყველასათვის თანაბრად ხელმწისაწვდომი თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

       თუმცა, პრაქტიკაში თუ დავაკვირდებით, ხშირია სახელწიფოთა რიცხვი, რომლის შიგნითაც საზოგადოების წევრები სხვადასხვა პირობებში იმყოფებიან და განათლების სისტემაზე ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი, ანუ საზოგადოების მიმართ ვხვდებით სისტემურ უთანასწორო მიდგომას, რაც საბოლოო ჯამში აფერხებს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და კონსოლიდირების პროცესს. ჩნდებიან სოციუმის პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებსაც კონკრეტული პარამეტრების გათვალისწინებით შეუძლიათ, რომ თავისუფლად, გარკვეული ბარიერების გარეშე, მიიღონ ნებრისმიერი დონის განათლება და შესაბამისად, მარტივად მოიპოვონ კომპეტენცია სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვისა. საბოლოოდ კი ზემოაღნიშნული მოცემულობების გათვალისწინებით ყალიბდება უთანასწორო საზოგადოება.

     პრობლემის არსის უკეთ წარმოსაჩენად დაგვეხმარება ფრანგი ეკონომისტის, თომას პიკეტის მიერ თავისივე ნაშრომში „კაპიტალი და იდეოლოგია“ განხილული ბრაჰმანთა ჯგუფები, რომლებიც არიან მერიტოკრატიული პრინციპით განმტკიცებული თანამედროვე  დასავლური საზოგადოებები. (Piketty, 2022) ისინი არიან მერიტოკრატიულად, ღირსების მიხედვით ჩამოყალიბებული იდენტობათა ჯგუფები საზოგადოებებში, რომლებიც არიან შესაბამისად პრივილეგირებული ინტელექტუალები და მათი ამ ინტელექტუალური ცოდნიდან და წოდებებიდან გამომდინარე უფლებამოსილება აქვთ უშუალოდ ჩაერთონ პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანაც ისე, რომ დაეყრდნონ მემარცხენე პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად ამას იყენებდნენ არა საზოგადოების დაუცველი ჯგუფების ან მუშათა კლასის სასიკეთოდ, არამედ თავიანთი მერიტოკრატიული სისტემისა და საზოგადოების სხვა ჯგუფებთან შედარებითი უპირატესობის განსამტკიცებლად, რაც საბოლოო ჯამში იწვევს უთანასწორობას როგორც სოციუმში, ასევე შესაბამისად განათლების სერვისის ხელმისაწვდომობაში. ამიტომ, საჭიროა, სახელმწიფომ გაატაროს სწორი გადანაწილების პოლიტიკა სერვისისა და ამავდროულად გაიღოს შესაბამისი გონივრული ხარჯები სექტორის გაჯანსაღებისათვის.

      სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვეძებოთ ხარვეზები და პრობლემები საქართველოს განათლების სექტორში. აღვწეროთ არსებული სისტემა, მოვიშველიოთ სტატისტიკური მონაცემები და შედარებითი მეთოდის გამოყენებით გავაკეთოთ ანალიზი. საქართველოს განათლების სისტემა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება. ადრეული და სკოლამდელი განათლება, ისევე როგორც სკოლის მოსამზადებელი პროგრამა, ნებაყოფლობითია. პროგრამის დასრულების შემდეგ ოფიციალური დოკუმენტი არ გაიცემა. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა საქართველოში. სრული ზოგადი განათლების დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი (ატესტატი), რომელიც იძლევა საშუალებას სწავლა გაგრძელდეს უმაღლეს სასწავლებელში ან პროფესიულ სასწავლებელში. საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლება კანონმდებლობით არის რეგულირებული. საქართველოს აქვს უმაღლესი განათლების სამ საფეხურიანი სისტემა და შედგება ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებისგან. საქართველოში საგანმანათლებლო მომსახურებას საჯარო (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მართული ორგანიზაციები), კერძო კომერციული, და კერძო არაკომერციული ინსტიტუტები აწვდიან. უნდა აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო სექტორი განთავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (დღგ).

      ბოლო წლებში განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა რეფორმა განხორციელდა. მათ შორის: ინსტიტუციური სტრუქტურის შეცვლა, კორუფციის აღმოფხვრა, უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის მინიჭება და ევროპული სტანდარტების შემოღება. თუმცა, საქართველოს განათლების სისტემა კვლავ გარკვეული გამოწვევების წინაშეა. ჯამური დანახარჯი განათლებაზე საშუალო წლიურად 7.9%-ით იზრდებოდა ათი წლის განმავლობაში და დაახლოებით 2.2 მლრდ. ლარს მიაღწია 2021 წელს. თუმცა, იმავე პერიოდში დანახარჯების წილი მშპ-ში შემცირდა და 3.6% შეადგინა, რაც ბოლო შესაბამისი ათი წლის მინიმალური მაჩვენებელია. მაგალითად, სლოვენიაში იგივე წლის მონაცემები დაახლოებით 3 მილიონ ევროს უდრიდა.

      2021 წლის მონაცემებით, განათლების ხარჯებში ყველაზე დიდი წილი სკოლამდელ და ზოგად განათლებას ჰქონდა და მთლიანი სამთავრობო დაფინანსების 70%-ს შეადგენდა. აღნიშნული შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება ძირითადად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, როდესაც უმაღლესი განათლების ხარჯების დიდი წილი სტუდენტებზე მოდის (კონკრეტული სტუდენტების ჯგუფის გარდა, რომლებიც მთავრობის მიერ გადახდილი გრანტებით/სტიპენდიებით სარგებლობენ). (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021)

       განათლების სექტორის დაფინანსების წილი მშპ-ში მცირე და არასაკმარისია გარკვეულ სხვა სახელმწიფო სექტორებთან შედარებით. შესაბამისად შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორის პრიორიტეტიზაცია და დაწინაურება. მასწავლებლების საშუალო ასაკი საჯარო სკოლებში უფრო მაღალია, კერძო სკოლებთან შედარებით. საჯარო სკოლებისთვის, მასწავლებლის საშუალო ასაკი 50 წელია, კერძო სკოლებში კი 45 წელი, რაც ლოგიკურად  მიგვანიშნებს იმ პრობლემაზე, რომ კვალიფიციური ახალგზარდა მუშახელი შედარებით  მეტია კერძო საგანამანათლებლო  დაწესებულებებში, ვიდრე საჯაროში და ეს შედეგად შეიძლება იწვევდეს კონკრეტულ პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია თუნდაც ანაზღაურებით კმაყოფილებასთან, შესაბამისი სპეციფიკური ცოდნიდან გამომდინარე კვალიფიციურობის დონის არასაკმარისობასთან და ა.შ.

       გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი და საბაზო განათლება საქართველოში სავალდებულოა, მოსწავლეების საგრძნობი რაოდენობა მეორე საფეხურის გავლის შემდგომ ტოვებს სკოლას და წყდება მოსწავლის სტატუსს, რის გამომწვევ მიზეზებზეც კიდევ ცალკე საუბარი შეიძლება.

       ასევე, საქართველოს განათლების სექტორში სოციალური უთანასწორობაა. 2021 წელს, სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების 84% საკლასო ოთახებში დაბრუნდა, ხოლო ქალაქებში ამ რიცხვმა 67% შეადგინა. დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელი ტექნიკის არ ქონა და ინტერნეტთან დაბალი ხელმისაწვდომობა აიძულებდა სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომ უფრო მეტად ყოფილიყვნენ დამოკიდებული ტრადიციულ სწავლების მეთოდებზე.

       მცირდება პროფესიული სასწავლებლების პოპულარობა. ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2021 წელს 47%-ით შემცირდა 2013 წელთან შედარებით. ჩარიცხული სტუდენტების კლებასთან ერთად აღინიშნება კურსდამთავრებულთა კლებაც. 2021 წელს 6,800 სტუდენტმა დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი, რაც მაგალითად 2013 წლის მაჩვენებელს 37%-ით ჩამორჩება. (გივი ადეიშვილი, 2022) გლობალურ დონეზე რომ განვიხილოთ აღნიშნული პრობლემა, საქართველოში უმუშევრობის დონე უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაში ბევრად მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა”OECD”და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

      შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სფეროში არსებული პრობლემები და მისი გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია, მაგრამ ამავდროულად მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. მისი განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს არა ვიწრო პრიზმიდან, არამედ სისტემური მიდგომიდან გამომდინარე, რათა დავინახოთ ლოგიკური ბმა და დავსვათ სწორი აქცენტები, მოვახდინოთ მისი ანალიზი და გამოვკვეთოთ პრევენციის შესაძლო ვარიანტები, რომ საბოლოო ჯამში არ მივიღოთ ისეთი არაჯანსაღი და უთანასწორო საზოგადოება, რომელზეც დასაწყისში გვქონდა საუბარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading