მსოფლიოს ერთადერთ ქალაქ-სახელმწიფო – სინგაპურში, რომელმაც თანამედროვე ეპოქაში სახელი გაითქვა ქვეყანაში გამეფებული გასაოცარი წესრიგით, XIX საუკუნეში, ანუ ინგლისელთა კოლონიზაციის პერიოდში, სრული ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა. დანაშაულებიდან, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ ქვეყანაში, თაღლითობა ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული. თაღლითები არ ერიდებოდნენ არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არამედ სახელწმიფო ჩინოვნიკებსა და თვით სახელწმიფო დაწესებულებებსაც კი. ამ ფაქტს სხვა უამრავი მოგზაურის მსგავსად, ადასტურებს ცირკისა და ზოოპარკებისათვის მხეცების პროფესიონალი დამჭერი და მოგზაური – ჩარლ მაიერიც. თავის აზიურ ცხოვრებასა და თავგადასავლებზე მაიერმა რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა, რომლებშიაც ავტორმა სინგაპურის შესახებ უამრავი საინტერესო დეტალი აღწერა. მათ შორის დიდი ადგილი ეთმობა ქალაქ-სახელმწიფოში გამეფებულ თაღლითობას. მაგალითად, მაიერი მოგვითხრობს თაღლითობის ორ ისეთ შემთხვევას, რომლებიც ძალიან რთულად დასაჯერებელია ადამიანისათვის.
პირველი შემთხვევა: ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე უცნობმა ჩინელმა მამაკაცმა კედელზე ჩამოკიდებულ დიდ საათს კირკიტი დაუწყო, ვითომ რაღაცას აკეთებდა. სასამართლო დარბაზში შეხეტებული უცნობი ისე ხმაურობდა, რომ გაღიზიანებულმა მოსამართლემ უღრიალა – „წაიღე ეგ საათი და მოსწყდი აქაურობასო”. თაღლითმა საათი კედლიდან ჩამოიღო, წაიღო და მას აქეთ იგი აღარავის უნახავს.
მაიერის მიერ მოთხრობილი მეორე შემთხვევა კიდევ უფრო გამაოგნებელია (ცნობისათვის, ეს ინფორმაცია ჩარლზს ადგილობრივი პოლიციის ინგლისელმა ინსპექტორმა – ჯონსმა უამბო): ერთხელ პოლიციის ცენტრალურ სამმართველოში ხელსაწყოებითა და კიბეებით შეიარაღებული ჩინელი მუშების ჯგუფი გამოცხადდა. ისინი სახურავზე ავიდნენ, გადახადეს მეტალის სახურავი, შეახვიეს, ძირს ჩამოყარეს და ურმით წაიღეს. სახურავი ტყვიისა და სპილენძის შენადნობისაგან იყო დამზადებული და საკმაოდ დიდი ფასიც ჰქონდა, როგორც ჯონკების (ჩინური ნავები) სამშენებლო მასალას. გადახდილი სახურავი მუშებმა კიანგების ტყავებისაგან შეკერილი დროებითი სახურავით ჩაანაცვლეს, რათა უსახურავო შენობაში წყალი არ ჩასულიყო.
გავიდა ერთი დღე. მეორე. მესამე… ჩინელი მუშების ჯგუფი კი მაინც არსად ჩანდა. ერთი კვირის თავზე პოლიციამ გაარკვია, რომ სახურავი თაღლითებმა გაყიდეს და აორთქლდნენ. როდესაც მაიერმა ჯონსს ჰკითხა, დააკავეს თუ არა დამნაშავეები, კანონის „მატა-მატასგან” (ითარგმნება, როგორც „თვალი და თვალი”. ასეთი ზედსახელით მოიხსენიებდნენ პოლიციელებს სინგაპურში) ერთობ ორიგინალური პასუხი მოისმინა: „ვის შეუძლია დაადგინოს, რომელი მათგანია თაღლითი, ყველა ისე ჰგვანან ერთმანეთს”.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.