ანტიკორუფციული /კორუფციის საწინააღმდეგო ზომები მოიცავს სამ ძირითად განზომილებას. ესენია:
- კეთილსინდისიერება
- გამჭვირვალობა
- ანგარიშვალდებულება
თავდაცვის სექტორში კეთილსინდისიერების დამკვიდრების ცენტრის (CIDS) მიერ შემუშავებულიკეთილსინდისიერების სამოქმედო გეგმის მიხედვით, კორუფციის საწინააღმდეგო ზომები გულისხმობს პრევენციულ ქმედებებს, რომლებიც ამცირებენ კორუფციის და სხვა არაეთიკური საქციელის სტიმულებს და შესაძლებლობებს. ზომები შესაძლოა, ასევე, მოიცავდეს წესების და რეგულაციების აქტიურ განხორციელებას, რაც გულისხმობს სავარაუდო კორუფციული ქმედებების და კორუმპირებული პირების კონტროლს, ზედამხედველობას, გამოძიებას და მათ სამართლებრივ დევნას კანონიერი ორგანოების საშუალებით.
რა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა?
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კეთილსინდისიერების დანერგვა ერთი მონეტის ორი მხარეა. აღსანიშნავია, რომ “ანტიკორუფციული ქმედება/კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა” უარყოფითი მხრიდან დანახული ცნებაა, ხოლო “კეთილსინდისიერების დანერგვა” , ფაქტობრივად იგივე პროცესის უფრო პოზიტიური განზომილებაა. კეთილსინდისიერების ცენტრის (CIDS) განსაზღვრებით, კეთილსინდისიერება არის თვისება, როდესაც ინდივიდს/ჯგუფს მართავს მტკიცე პრინციპები, ან როდესაც ის შეთანხმებულ პრინციპებს და სტანდარტებს იყენებს თავის ყველა ქმედებაში უცვლელად და თანამიმდევრულად. ამდენად, კეთილსინდისიერების დანერგვის ზომები შექმნილია ამ თვისების გასაძლიერებლად. კორუფციის წინააღმდეგ ზომები, როგორც იყო აღნიშნული, მოიცავს პოზიტიურ და ნეგატიურ პროცედურებს, ანუ, სხვა სიტყვებით, მას აქვს პრევენციული და კორექციული განზომილებები. კეთილსინდისიერების დანერგვის პროგრამები სწორედ ამ განზომილებებს შეიცავს.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
კორუფცია აფერხებს განვითარებას, კარგ მმართველობას და ქვეყნის სოციალურ კეთილდღეობას. კორუფცია უსაფრთხოების სექტორში განსაკუთრებით სერიოზულია, რადგან ეს სექტორი, ჩვეულებრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდ წილს იღებს. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს რომ სხვა არსებითი მნიშვნელობის სექტორებს, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, ნაკლები რესურსები რჩება, რომლებიც მათ ძლიერ სჭირდებათ. კორუფციამ უსაფრთხოების სექტორში შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების შემცირება, რეგიონული არასტაბილურობა და კონფლიქტების წარმოქმნა. ამდენად, ანტიკორუფციული ძალისხმევა უნდა გატარდეს საერთაშორისო დონეზე და უნდა დაეყრდნოს რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას. უფრო მეტიც, წარმატებული ანტიკორუფციული პროგრამები იქმნება და ხორციელდება ჰოლისტური (ყოვლისმომცველი) მიდგომით და კარგი მმართველობის ზოგადი ჩარჩოს ფარგლებში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ესწრაფვის, ჰქონდეს ფუნქციური, ქმედითი და ეფექტიანი უსაფრთხოების სექტორი, უნდა ახორციელებდეს კეთილსინდისიერების განმტკიცების/კორუფციის საწინააღმდეგო პროგრამას.
როგორ მუშაობს ეს პროგრამები?
არსებობს მთელი რიგი ზომები, რომლებიც უნდა გატარდეს კორუფციის თავიდან ასაცილებლად და მასთან საბრძოლველად. ისინი შეიძლება იყოს იძულებითი, ნებაყოფლობითი, პრევენციული ან კორექციული. კეთილსინდისიერების ამაღლების/კორუფციის შემცირების პროგრამების საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს სარისკო სფეროების ძირფესვიანი შეფასება. სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის, შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრმა (DCAF), ნატომ და კეთილსინდისიერების ცენტრმა (CIDS) შეიმუშავეს და გამოსცეს თვითშეფასების კითხვარები, გზამკვლევები, ინსტრუმენტები და საინფორმაციო მასალები ამ მიზნით. ეს ორგანიზაციები, ასევე, უზრუნველყოფენ საინფორმაციო დახმარებას და ტრენინგებს კეთილსინდისიერების/ანტიკორუფციული პროგრამების და პოლიტიკის შემუშავების და განხორციელებისთვის. რისკების შეფასების ეტაპის შემდეგ უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა ან პროგრამა, ხოლო მოგვიანებით, უნდა მოხდეს ამ პროგრამის ადაპტირება კონკრეტული შემთხვევის კონტექსტის და საჭიროებების შესაბამისად. თუმცა, ყველა ინდივიდუალური შემთხვევაშიც კი გამოდგება იმ საკითხების ზოგადი ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შეფასდეს, მათ შორის, სამუშაო სფერო, ტექნიკა, მეთოდები და საუკეთესო გამოცდილება:
- კანონის უზენაესობა
- ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზა
- ქმედითი და დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტები
- მკაფიო და მოკლე რეგულაციები
- კეთილსინდისიერების ამაღლებაზე ფოკუსირებული განათლება და ტრენინგი
- ქცევის კოდექსი და ეთიკის სახელმძღვანელო
- ღირსებაზე და შეჯიბრზე დაფუძნებული დაქირავების და დაწინაურების სისტემები
- გამჭვირვალობა (ბიუჯეტი, ხელფასები, შესყიდვები, შეძენა, ქონების საჯაროობა)
- ეროვნული საჭიროებების და ამოცანების შესაბამისი დაგეგმვის და ბიუჯეტირების სისტემები (ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია)
- ანტიკორუფციული დათქმები
- ანგარიშვალდებულება (ეფექტიანი, პროპორციული და გადამარწმუნებელი სანქციები)
- ზედამხედველობის მექანიზმები (შიდა და გარე)
- აუდიტის ფუნქცია
- ომბუდსმენი
- მონიტორინგის მექანიზმები
- მხილების მექანიზმები და მამხილებლების დაცვა
ვინ ატარებს ანტიკორუფციულ ზომებს?
ზოგადად, კორუფციის საწინააღმდეგო ზომები კარგი მმართველობის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია და მათ გატარებაში ჩართული არიან მთელი რიგი აქტორები. რადგან კეთილსინდისიერების განმტკიცების ზომები ფოკუსირებულია ქცევის ფაქტორზე, პროცესში ჩართული აქტორები არიან ყველა – დაწყებული ჯარისკაცებით/მოქალაქეებით, დამთავრებული სამთავრობო, რეგიონული, და საერთაშორისო ორგანიზაციებით. ყველა ინდივიდი – მოქალაქეები, ჯარისკაცები, მამხილებლები, ლიდერები, ინსპექტორები, ომბუდსმენი და ა.შ – არის პასუხისმგებელი, შეასრულოს ქცევის კოდექსი და იმოქმედოს კეთილსინდისიერების სტანდარტების შესაბამისად. ინსტიტუტები, როგორიცაა პარლამენტი, სამთავრობო სააგენტოები და სამინისტროები, ომბუდსმენის ოფისი, აუდიტის და ზედამხედველობის ინსტიტუტები, პასუხისმგებელი არიან პოლიტიკის კურსის, გეგმების, პროგრამების, კანონებისა და რეგულაციების შემუშავებაზე, განხორციელებაზე და შესრულების ზედამხედველობაზე. ეროვნული დონის ორგანოები, როგორიცაა მთავრობა, სამხედრო ხელმძღვანელობა, შესყიდვებში და სხვა პროცედურებში ჩართული კერძო ბიზნესი, მედია, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ასევე, პასუხისმგებელი არიან კეთილსინდისიერების ფასეულობების განმტკიცებაზე, ზედამხედველობაზე, პროცესებზე დაკვირვებაზე და შედეგებზე. და ბოლოს, სამთავრობოთაშორისო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ დახმარების გაწევა გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით.
წყაროები:
Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)
Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)
CIDS (2015) Guides to Good Governance: Professionalism and integrity in the public service. No 1.
DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organizations.
DCAF(2009), Backgrounder. Security Sector Governance and Reform. See new Backgrounder series here.
DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.
NATO (2015), Building Integrity Self-Assessment Questionnaire and Peer Review Process. A diagnostic tool for national defence establishments.
NATO (2012) Building Integrity Programme
NATO-DCAF (2009). Integrity Self-Assessment Process: A Diagnostic Tool for National Defence Establishments.
NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.
Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.