“ლოგოგრაფოსი” – ბერძნული ენიდან თარგმანით – “სიტყვების მთხზველს” აღნიშნავს. თანამედროვე ტერმინით კი, შესაძლოა იგი მოვიხსენიოთ, როგორც – ვექილი, ადვოკატი. ლოგოგრაფოსი ძველ საბერძნეთში წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე შეუნაცვლებელ პიროვნებას, რომელსაც ევალებოდა ყველა რთული და ჩახლართული სასამართლო საქმის გარჩევა, სადაც აუცილებელი იყო სათანადო წესრიგით დაელაგებინა და ისეთი სახით გაეშუქებინა რეალური ფაქტები, რომ საქმის არსი მსაჯულთათვის ნათელი გამხდარიყო, რადგანაც იმ პერიოდის საბერძნეთის სასამართლოში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა მომჩივანისა და მოპასუხის სიტყვებს. სწორედ ასეთ სიტყვებს თხზავდნენ “ლოგოგრაფოსები” და ისინი ამაში ძალიან დიდ გასამრჯელოსაც იღებდნენ. სწორედ ეს ზემოაღნიშნული მიზეზები გახლდათ იმის უმთავრესი წყარო, რომ მათ კლიენტები არასოდეს აკლდათ. თუმცა აქვე ისიც უნდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად წარმატებული საქმიანობისა, დიდი პატივით ხალხში ვერ სარგებლობდნენ, ვინაიდან მათ თავიანთი მრწამსის გამყიდველებად მიიჩნევნენ.
ლოგოგრაფოსი ვალდებული იყო შეეკრიბა საქმის წინასწარი ძიებისათვის აუცილებელი ყველა მასალა, მიეთითებინა სასამართლო ინსტანცია, რომელსაც უნდა გაერჩია საქმე, ჩამოეყალიბებინა სარჩელის ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა და ზოგიერთ კერძო შემთხვევაში თვითონვე დაედგინა სასჯელის ზომაც. მაგრამ მისი უმთავრესი მოვალეობა იყო სიტყვის დაწერა. რომელსაც კლიენტი ზეპირად სწავლობდა სასამართლოში წარმოსათქმელად. უწინარეს ყოვლისა, სწორედ ამით განსხვავდებოდა იგი თანამედროვე ადვოკატისაგან, რომელიც თავისი სახელით წარმოთქვამს სიტყვას და სულაც არ არის ვალდებული მიესადაგოს კლიენტის პიროვნებას, მაშინ როდესაც ლოგოგრაფოსი იძულებული იყო ყოველნაირად შეენიღბა საკუთარი შემოქმედება და კლიენტის საკუთარ ქმნილებად გაესაღებინა თავისი სიტყვა, რისთვისაც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა თავისი მუშტრის პირადი თვისებები, მისი სოციალური მდგომარეობა თუ გონებრივი თვალსაწიერი. გარდა კერძო დაკვეთებისა, ლოგოგრაფოსები საზოგადოებრივ დაკვეთებსაც ასრულებდნენ: სახელმწიფო დაწესებულებათა დავალებით თხზავდნენ სიტყვებს საზეიმო თუ საიუბილეო ცერემონიალებსა და რელიგიურ თუ სპორტულ დღესასწაულებზე წარმოსათქმელად.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.