რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მონღოლთა უდიდესი იმპერიის კანონები ერთობ ლმობიერი და ჰუმანური გახლდათ. თუკი ჩინეთში ხშირად დამნაშავეს შუბლზე იმის მანიშნებელ სვირინგს ადებდნენ, რომ ამ კაცს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მონღოლები ასეთ ქმედებას კატეგორიულად კრძალავდნენ, რადგან მათთვის ადამიანის თავი სულის წმინდა სამყოფელად მიიჩნეოდა. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ მონღოლები თვით დამნაშავის თავსაც კი ხელშეუხებლად რომ მიიჩნევდნენ. იმ დაპყრობილ რეგიონებში, სადაც დამნაშავეებსათვის სვირინგის დადების წესი უკვე არსბობდა, მათ არ აუკრძალავთ დაღდასმა: პირველ ორ შემთხვევაზე – კისერზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – თავზე. მათ არ დაუშვეს, რომ დასჯის აღნიშნული მეთოდი სხვა რეგიონებში ან სხვა ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულიყო. იმის მაგივრად, რომ ჩადენილ დანაშაულთა ნუსხა დამნაშავის სხეულზე აღებეჭდათ, მას ხალხის დასანახად, ბრალდებულის სახლის წინ აგებულ კედელზე წერდნენ. გარდა ამისა, ”ველური” მონღოლები, რომელთაც ევროპელი სწავლულები რელიგიის, მორალისა და ზრდილობის არ ქონაში სდებდნენ ბრალს, ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ფლობდნენ მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების სისტემას: მსჯავრდებულები თვეში ორჯერ უნდა მისულიყვნენ ანგარიშის ჩასაბარებლად ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებთან, რათა მათზე მეთვალყურეობა განეხორციელებინათ. პატიმრების განთავისუფლება დამოკიდებული გახლდათ მათსავე სურვილზე – მოინდომებდნენ თუ არა ისინი, ეთანამშრომლათ დაცვის სპეციალურ ქვედანაყოფებთან. დამნაშავეებსა და ხშირ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებს ხელმოწერით უნდა დაედასტურებინათ ის, რომ ეთანხმებოდნენ მონღოლთა კანონმდებლობით გამოტანილ განაჩენებს. იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრს არ დაეთანხმებოდნენ, უფლება გააჩნდათ სასამართლოს გადაწყვეტილება მაღალ ინსტანციებში გაესაჩივრებინათ. დოკუმენტის ნამდვილობის დასამტკიცებლად კი, ჩანაწერს ბოლოში თითის ანაბეჭდებს ურთავდნენ. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, მონღოლები ცდილობდნენ, საკითხი მაღალი რანგის მქონე ჩინოსნების გარეშე გადაეწყვიტათ. ოჯახში მომხდარ დანაშაულს თავად ოჯახი განიხილავდა და განსჯიდა, ერთი და იგივე რელიგიის ბერებს შორის წარმოქმნილ უთანხმოებას მათი სულიერი მოძღვარი აგვარებდა, ხოლო ერთი ხელობის ოსტატ-ხელოვანთა ამხანაგობაში დავა და რომელიმე წევრის დანაშაულებრივი ქმედება ოსტატთავე საბჭოში ირჩეოდა.
კერძო მოქალაქეებისა და მცირე სასამართლო საბჭოების დასახმარებლად მონღოლი მმართველები ბეჭდავდნენ წიგნებს კრიმინალისტიკისა და იურისპოდენციის საკითხებზე. აღნიშნულ წიგნებში დეტალურად იყო აღწერილი, როგორ უნდა დაეთვალიერებინათ გვამი, რათა სრული წარმოდგენა შეჰქმნოდათ მომხადრის შესახებ. ასეთი დათვალიერების ანგარიში უნდა წარმოედგინათ სამ ეგზემპლარად, მათ შორის, ნახატების სახითაც, რომლებზეც აღნიშნული იქნებოდა მიყენებული ჭრილობების მდებარეობა მოკლულის სხეულზე. ევროპელთა მიერ “განუვითარებელ ახალშობილებად” წოდებული მონღოლების მიერ შემოღებული პროცედურები არა მარტო მართლწესრიგის განმტკიცებას უწყობდა ხელს, არამედ ზუსტად შეესაბამებოდა კიდეც თავად მონღოლთა მიერ წარმოებულ პოლიტიკასაც, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მოქალაქეს თუ განათლებული ელიტის წარმომადგენელს ერთნაირად უნდა სცოდნოდა კანონი, პირველ ყოვლისა, პრობლემების გადაჭრის, ერთიანობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად, მერე კი ბრალეულობის დამტკიცებისა და მსჯავრის დასადებად. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ, მონღოლთა იმპერიის სულისჩამდგმელს – ჩინგიზ ყაენს, რომელიც უმკაცრესი მმართველი იყო, არასოდეს მოუკლავს კაცი წამებით, რადგან მონღოლური ტრადიციისათვის ყოვლად მიუღებელი გახლდათ აღნიშნული მეთოდით ადამიანის მოკვდინება.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.