ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოკლე ისტორიული მიმოხილვა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უძველეს წინაპრად მიიჩნევენ ძველ ათენში არსებულ დიკასტერიას, იგივე ჰეილეიას. დიკასტერია ერქვა მთავარ სასამართლო ადგილს, რომელიც მდებარეობდა ქალაქის მოედანზე. სახალხო მოსამართლეებს დიკასტებსა და ჰელეასტებს უწოდებდნენ. ათენის დიკასტერია გამოირჩეოდა მოსამართლეთა სიმრავლით, სხდომათა საჯაროობითა და უაპელაციო გადაწყვეტილებებით. არისტოტელეს ცნობით დიკასტერია შედგებოდა ხალხის მიერ არჩეული 1500 მოსამართლისაგან, რომელთაგან 501 კაცი იხილავდა ჩვეულებრივ, სამოქალაქო და ყოფით საქმეებს. განსაკუთრებით სერიოზულ საქმეებს, რასაც შედეგად, შესაძლოა, მოჰყოლოდა სიკვდილით დასჯა, თავისუფლების დაკარგვა, განდევნა, სამოქალაქო უფლებების დაკარგვა, საკუთრების ჩამორთმევა – იხილავდა ათასიდან ათას ხუთასამდე დიკასტი. გადაწყვეტილება მიიღებოდა ფარული კენჭისყრით. საკითხი წყდებოდა ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხოლო თუ ხმები თანაბრად გაიყოფოდა, განსასჯელი გამართლებულად ითვლებოდა. მსაჯულებს ეძლეოდათ თავიანთი ვინაობის დამადასტურებელი მოწმობებიც.

დიკასტერია წარმოადგენდა სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოს და შედგებოდა 5000 ძირითადი და 1000 სათადარიგო მოსამართლისაგან, რომელთაც ირჩევდნენ 30 წელს მიღწეული მოქალაქენი, ერთი წლის ვადით. არჩევა მიმდინარეობდა კენჭისყრით. თითოეული ტერიტორიული ერთეულიდან, ანუ ფილიდან (იმ ხანად ათენი იყოფოდა 10 ფილად) ირჩევდნენ 600 წარმომადგენელს. პერიკლეს მმართველობის შემდეგ მოსამართლეებს ასევე ეძლეოდათ დღიური ანაზღაურებაც. მსაჯულთა ინსტიტუტის საქმიანობა რიტუალურად არის ასახული ესქილეს ტრაგედიაში – ,,ორესტეა”. ორესტესი იყო აგამემნონისა (მიკენის მეფე, ტროას ომის ერთ-ერთი გმირი) და კლიტემნესტრას (აგამემნონის ცოლი) შვილი, რომელმაც მამის მკვლელობის გამო დედაზე შური იძია და იგი სიცოცხლეს გამოასალმა. ესქილე – ძველი ბერძენი დრამატურგი ამ პიესის მიხედვით, ქალღმერთმა ათენამ ორესტესის სამსჯავროზე მსაჯულად მოიხმო ათენის 12 მოქალაქე. ღმერთი აპოლონი, როგორც ბრალდებულ ორესტესის ადვოკატი, მონაწილეობდა სასა- მართლოში, ხოლო ერინიები იყვნენ ბრალმდებლები კლიტემნესტრას მკვლელობაში. მსაჯულთა ხმები თანაბრად გაიყო – ექვსი ექვსის წინააღმდეგ და ათენამ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან ასეთ შემთხვევებში ვერდიქტი გამამართლებელი უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ სასამართლოებს ატარებდნენ არეოპაგები, საბჭო, რომელიც შედგებოდა არისტოკრატი უხუცესებისაგან. ისინი სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებოდნენ ამ თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარის როლი შემოიფარგლებოდა მხოლოდ თვალყურის დევნებაში, რომ სასამართლო პროცესი სწორად წარმართულიყო, რათა არ მომხდარიყო დებატებში რაიმე ჩარევა, თავმჯდომარე არ აჯამებდა და არ აფასებდა ფაქტებს. მთლიანობაში ათენის კანონმდებლები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ სასამართლოს საბოლოო განაჩენი ყოფილიყო შეძლებისდაგვარად სამართლიანი, თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოველგვარი მოსყიდვის ან გარეშე ზეგავლენისაგან. კამათის შემდეგ მსაჯულები, ერთმანეთში წინასწარი შეთანხმების გარეშე, თავმჯდომარის თხოვნით იწყებდნენ ფარულად ხმის მიცემას.

პროცედურა ასეთი იყო: მსაჯულები ყრიდნენ კერამიკულ პატარა ფილებს, რომელთაგან ნაწილი მთლიანი იყო, ნაწილი – გახვრეტილი. მთელი ფილა ნიშნავდა გამამართლებელ ვერდიქტს, ხოლო გახვრეტილი დამნაშავედ ცნობას. იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გაიყოფოდა, ბრალდებული გამართლებულად ითვლებოდა. ქალღმერთი ათენა მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი მსაჯულთა სასამართლო იმ ეპოქაში დემოკრატიულ ინსტიტუტს წარმოადგენდა, იგი მაინც არ იყო დაზღვეული ცალკეული შეცდომისაგან. ცნობილია, რომ სწორედ მსაჯულთა სასამართლომ ცნო დამნაშავედ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე სოკრატე  და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ბრალმდებელმა მელეტუსმა არქონტის წინაშე სახალხოდ დასდო ბრალი სოკრატეს ათენის ახალგაზრდა თაობის კორუფციაში ჩართვასა და ღვთაებათა უპატივცემულოდ მოხსენიებაში. სოკრატე – ბერძენი ფილოსოფოსი ათენის მსაჯულთა საბჭოს წევრებად შეირჩნენ მოხალისენი მამაკაცთა ჯგუფიდან, რომლებიც ათენის მოქალაქეები იყვნენ. არც პლატონსა და არც ქსენოფონტეს ნახსენები არა აქვთ მსაჯულთა რაოდენობა, რომლებმაც სოკრატეს სასიკვდილო ვერდიქტი გამოუტანეს, თუმცა პლატონის ,,აპოლოგეტიკაში” ნახსენებია, რომ თუ 30 მსაჯული არ დაეთანხმებოდა მელეტუსის ბრალდებას, მაშინ ის გამართლდებოდა, ხოლო თუ 3/5-ზე ნაკლები არ დაუჭერდა მხარს, მაშინ მის წინაააღმდეგ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანდნენ. მას შემდეგ, რაც სოკრატეს წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, პროკურორმა შესთავაზა ალტერნატიული განაჩენი. სოკრატემ გაკვირვება გამოთქვა იმ მცირე ბრალდებაზე, რაც მას წაუყენეს და არქონტს შესთავაზა, რომ იგი გადაიხდიდა 100 დრაჰმას, რაც მისი ქონების მეხუთედს შეადგენდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სოკრატე გადაიხდიდა 3000 დრაჰმას, რაშიც მას თავდებად დაუდგნენ პლატონი (ბერძენი ფილოსოფოსი), კრიტოსი (ბერძენი ფილოსოფოსი) და კრიტობულუსი (კრიტოსის შვილი), რომლებიც უზრუნველყოფდნენ თანხის გადახდას. პროკურორმა მოითხოვა სოკრატეს სიკვდილით დასჯა. მსაჯულებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს სოკრატეს სიკვდილით დასჯას. სოკრატეს თანამოაზრეებმა გაქცევა შესთავაზეს. ათენის მოქალაქეები მოელოდნენ, რომ იგი დათანხმდებოდა ამ წინადადებას, მაგრამ სოკრატემ პრინციპულად უარყო ეს შეთავაზება. მან მიიღო განაჩენი და შესვა მისთვის განკუთვნილი შხამით სავსე ფიალა. როგორც ჩანს, ეს განაპირობა კანონისადმი მორჩილების მისმა ფილოსოფიურმა მიდგომამ. სოკრატე 70 წლისა გარდაიცვალა. მრავალი მკვლევარი სოკრატეს ბრალდებასა და განაჩენს განიხილავს, როგორც ცნობილი ფილოსოფოსის არჩევანს, რომელიც მან საკუთარი ნებით მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ პლატონისა და ქსენოფონტეს (ბერძენი ისტორიკოსი) მიერ მოვლენათა აღწერას მივიჩნევთ ზედმიწევნით დეტალურად, იკვეთება ისეთი სურათი, რომ სოკრატე ცდილობდა არა მსაჯულების დარწმუნებას თავის უდანაშაულობაში, არამედ ის მოძღვრავდა მათ და გარკვეულწილად მათ პროვოცირებასაც ახდენდა. სოკრატეს გასამართლებასა და დასჯას განიხილავენ, როგორც თავისუფალი სიტყვისათვის პირველად წამებულის ამბავს. ცნობილმა ჟურნალისტმა ისიდორ სტოუნმა (მე-20 საუკუნის ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი) აღნიშნა, რომ, ისევე როგორც იესო ქრისტესთვის საჭირო იყო ჯვარი, რათა აღესრულებინა თავისი მისია, ასევე სოკრატეს უნდა შეესვა მისთვის განკუთვნილი შხამი, რათა მასაც აღესრულებინა თავისი მისია.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოს სამართლებრივი კულტურისთვის უცხო არაა. ქართული ჩვეულებითი სამართლის ნაწილი იყო ნაფიც მსაჯულთა მსგავსი კრება საქართველოს მთიანეთში: „ხევსურეთში მტყუან-მართლის გარჩევა ხდებოდა 4 ან 12 კაცისაგან შემდგარი კრების მიერ, რასაც რჯული ეწოდებოდა“ მე-11 საუკუნემდე ქართულ სამართალში ,,მოსამართლის” ცნებას აღნიშნავდნენ ტერმინებით – ,,მსაჯული”, ,,ბჭე”. ტერმინი ,,მოსამართლე”, ქართველ მეცნიერთა მოსაზრებით, აღნიშნავდა როგორც სასამართლო ფუნქციების მქონე სახელისუფლებო მოხელეს, რომელსაც სპეციალურად დავალებული ჰქონდა სადავო საქმეების განხილვა, ისე სხვა პირსაც, რომელიც, როგორც მოდავე მხარის მიერ არჩეული პირი, მხოლოდ ამ კონკრეტული საქმის განხილვის დროს ასრულებდა მოსამართლის ფუნქციას სხვა პირებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ხევსურეთის ჩვეულებითი სამართლისათვის დამახასიათებელი იყო სამართალწარმოების ისეთი სახე, როგორიც იყო ,,რჯული”, ანუ 4-დან 12-მდე კაცისაგან – რჩეული პირებისაგან (ძირითადად უხუცესები, მაგრამ პირადი ღირსების გამო შესაძლებელი იყო ახალგაზრდებიც შეეყვანათ) – შემდგარი სასამართლო. საგულისხმოა, რომ ამ სასამართლოს წევრებს მსაჯულებს უწოდებდნენ. ისინი ძველი ადათჩვევების მიხედვით იხილავდნენ მოსისხლეთა შერიგების, ქურდობის, განქორწინებისა და სხვა მსგავს საქმეებს. რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში ეს ტრადიცია შეიცვალა მომრიგებელი მოსამართლის რუსული მოდელის დანერგვით. მეფის რუსეთის მმართველებს მიაჩნდათ, რომ საქართველოს მოსახლეობა თავისი სამართლებრივი განვითარების დონით არ იყო მზად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის. ილია ჭავჭავაძეს, რომელიც გარკვეული დროით მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა დუშეთის მაზრაში, იმედი ჰქონდა, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო საქართველოშიც ამოქმედდებოდა, მაგრამ მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების იმედს ასრულება არ ეწერა.

მოგვიანებით, 1919 წლის 17 იანვარს, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი ,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების” შესახებ. ამ კანონის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები 12 კაცის შემადგენლობით ტრადიციისამებრ, მოსამართლისგან დამოუკიდებლად, წყვეტდნენ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა-არცნობის საკითხს. ნაფიც მსაჯულად აირჩეოდა 25 წელს მიღწეული პირი, რომელიც იყო საქართველოს მოქალაქე, ფლობდა სახელმწიფო ენას და არანაკლებ ერთი წელი ცხოვრობდა საქართველოში. ნაფიც მსაჯულად ყოფნა არ შეეძლო იმას, ვინც ადრე ნასამართლევი იყო, სასამართლოს განაჩენით დათხოვნილი იყო სამსახურიდან, ასევე გადამხდელუუნარო, ან/და ფიზიკურად უუნარო ადამიანებს. ნაფიც მსაჯულთა სიაში, რომელიც თითოეულ მაზრაში ცალკეულად დგებოდა, არ შეიძლებოდა შეეყვანათ სამღვდელოების წარმომადგენელი, სასამართლოს თანამშრომელი, პროკურატურის მუშაკი, სახელმწიფო ბანკის ხაზინადარი და მოლარე, ფოსტა-ტელეგრაფისა და რკინიგზის უფროსები, სამხედრო და საზღვაო უწყების ცალკეული თანამშრომლები, საკარანტინო დაწესებულებათა მოხელენი, გუბერნიის, მაზრისა და სოფლის კომისარი და მისი თანაშემწე, მილიციის მოხელე. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ნაფიცი მსაჯულები შეიცვალნენ სახალხო მსაჯულებით, რომლებიც ფორმალურად განასახიერებდნენ მსაჯულის ფუნქციას სასამართლოში.

1919 წლის დებულებებით – „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ“, განისაზღვრა  ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯადი საქმეების ჩამონათვალი, საქმის განხილვის წესი და მსაჯულთა უფლებამოსილებები. მოგვიანებით კი, ამ ინსტიტუცის კონსტიტუციური გარანტიები შეიქმნა. კერძოდ, 1921 წლის კონსტიტუციის 81-ე მუხლი ამბობს, რომ „მძიმე სისხლის სამართლის და აგრეთვე, პოლიტიკური და ბეჭდვითი დანაშაულისთვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“. თუმცა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან ერთად, საბჭოთა რეჟიმმა განადგურდა ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ასოცირდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობასთან; მათ შორის იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, როგორც მიუკერძოებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების სიმბოლო. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 14 წლის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დაბრუნდა ქართულ სამართლებრივ სივრცეში. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით აღსდგა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, 2010 წლიდან კი დაიწყო მოქმედება.

წყარო:

წიგნი: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორია

საქართველოს უზენაესი სასამართლო, 2012
ISBN

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading