მოსამართლემ სამართლებრივი დავა სწრაფად და სწორად უნდა გადაწყვიტოს. პირველ რიგში უნდა ეცადოს მხარეები მოარიგოს და მორიგებით დაასრულოს დავა ან მედიაციის გზით მიაღწიოს გადაწყვეტილებას.
თუ მხარეების მორიგება ვერ ხერხდება, მაშინ სადავო წარმოების გზით უნდა გადაწყვიტოს სადავო საკითხი. სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად კი შეუძლია გამოიყენოს რელაციის მეთოდი, რომელიც დაეხმარება დავის განხილვის პროცესის სტრუქტურირებაში.
გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე გადის ხუთ ეტაპს.
თავდაპირველად ალაგებს საპროცესო მასალას, მოსამართლის არჩევანის საკითხია როგორ დაახარისხებს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, ქრონოლოგიის მიხედვით, სადავო და უდავო ფაქტებისა და გარემოებების მიხედვით თუ როგორ.
II ეტაპზე ამოწმებს დასაშვებობა/წარმოებაში მიღების საკითს.
III ეტაპი მოსარჩელის სტადიაა. მოსარჩელის სტადიაზე მოსამართლე ამოწმებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებებში მითითებული გარემოებები და ფაქტები იძლევა თუ არა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელეს აქვს მოთხოვნა/მოთხოვნების დაყენების უფლება. მოსამართლე უშვებს ვარაუდს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და ფაქტები მართალია და ცდილობს უპასუხოს კითხვებს: რა სურს მოსარჩელეს? (რა მოთხოვნა აქვს?), რომელი ნორმა შეიძლება იყოს მოთხოვნის საფუძველი? ამ ნორმას შლის წინაპირობებად, თუ მოსარჩელე თავის განმარტებებში წინაპირობებზე უთითებს, ნიშნავს რომ მოსარჩელის სტადია გადალახულია და მოსამართლე გადადის მე-4 სტადიაზე.
IV ეტაპზე მოსამართლე ამოწმებს მოპასუხის სტადიას. თუ მოსარჩელის ეტაპზე დადგინდება, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებები იმდენად გამართულია, რომ მოპასუხის შეპასუხების გარეშე სარჩელი დაექვემდებარება დაკმაყოფილებას, მოსამართლე გადავა მოპასუხის სტადიაზე და შეამოწმებს აბათილებს/არყევს თუ არა მოპასუხის შესაგებელი მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს. შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტებების უარყოფას. შედავება შეიძლება დავყოთ ოთხ სახედ. ზოგადი შედავებაა, როდესაც ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე არაფერია ნათქვამი. ამ დრო სასამართლო მოპასუხის შედავებას დაუშვებლად მიიჩნევს. კონკრეტული შედავებისას, მოპასუხე მხარე დამატებითი მითითებების გარეშე უარყოფს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს. კვალიფიციური სახის შედავებისას, მოპასუხე შესაგებლით წარმოადგენს მოსარჩელისგან განსხვავებულ ვერსიას. კონკლუდენტური შედავებისას მოპასუხე სხვაგვარად ასახავს მოვლენებს, ვიდრე მოსარჩელემ ასახა სარჩელში.
V ეტაპი მტკიცების ეტაპია, სადაც მოსამართლე ამოწმებს დამტკიცებულია თუ არა მტკიცებასავალდებულო გარემოებები. მტკიცების ეტაპზე, ორივე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი სამართლის ნორმის წინაპირობები. წინაპირობების დაკმაყოფილება იწვევს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასამართლოს მიერ. მხარე, რომელიც ახორციელებს რომელიმე უფლებას, უნდა დაამტკიცოს უფლების დამფუძნებელი ფაქტობრივი გარემოებები. ის, ვინც ეწინააღმდეგება ამ უფლებას, უნდა დაამკიცოს უფლების წარმოშობის ხელშემშლელი ფაქტობრივი გარემოებები. მოსამართლე აფასებს მტკიცებულებებს, რამდენად ვარგისიანია ისინი, რატომ შეაგროვეს მხარეებმა ეს მტკიცებულებები, და არწმუნებს თუ არა მტკიცებულებები სასამართლოს და არის თუ არა დამაჯერებელი მოსამართლისთვის.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ბოლოს სასამართლო მოსაზრებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, ასახავს გადაწყვეტილებაში.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.