2023 წლის 3 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი („გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, თუ სარჩელი შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსით დადგენილი წესების დარღვევით, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს წარმოებაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრებული დებულება მოსამართლეს ანიჭებს უფლებას, საქმის არსებითად განხილვის გარეშე, უარი თქვას სარჩელზე და იგი უკან დაუბრუნოს პირს, იმისდა მიუხედავად თუ რა ტიპის ხარვეზია დაშვებული მასში.
მოსარჩელის პოზიციით, ზოგიერთი ტექნიკური უზუსტობისა თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს უნდა განესაზღვროს დამატებითი დრო. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ადგენს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ბლანკეტურ წესს, რაც იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას, აჭიანურებს პროცესს და პირს უკარგავს სასამართლო დავის წარმოების ინტერესს. მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო ნორმა პირს ავალდებულებს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი სარჩელის შეტანას, რათა სასამართლო არ გადაიტვირთოს დაუსაბუთებელი/ხარვეზიანი სარჩელებით, არ მოხდეს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოფილ იქნეს პროცესის ეკონომიურობა. ამდენად, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმით არ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სრულყოფილი სარჩელის წარსადგენად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მოთხოვნათა საკმაოდ ფართო სპექტრს, რომელთა დარღვევაც, შესაძლოა, განსხვავებულ გავლენას ახდენდეს სარჩელის სრულფასოვნებასა და სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბებაზე. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, წარდგენილ სარჩელში დაშვებული იყოს იმ ტიპის შეცდომა რომლის გამოსწორებაც ფაქტობრივად გაუთანაბრდეს ახალი სარჩელის წარდგენას ან არსებობდეს ისეთი ხარვეზი, რომელიც დაზუსტებადი/გამოსწორებადია მხარესთან მარტივი კომუნიკაციის მეშვეობით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად სარჩელში დაშვებული შეცდომის ტიპისა სადავო ნორმა ბლანკეტურად ითვალისწინებს სარჩელის განსახილველად არმიღებას, რითაც იზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, დაზუსტებად სარჩელებთან მიმართებით სადავო ნორმით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვისა თუ პროცესის ეკონომიურობის მიზნის მიღწევას. პირიქით, დაშვებული შეცდომის მხარესთან კომუნიკაციის გზით მარტივად გამოსწორების ნაცვლად, სადავო ნორმის საფუძველზე სასამართლოს უწევს ჯერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული განჩინების მიღება, ხოლო შესწორებული სარჩელის წარდგენის შემდგომ, მის განსახილველად მიღების საკითხზე ხელახალი მსჯელობა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ამგვარი მოწესრიგება აბრკოლებს სასამართლოსათვის მიმართვას და პირის უფლებათა ეფექტურად დაცვას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა, ხოლო მისი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2023 წლის პირველ ივლისამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.
იურისტი / ვებგვერდის ადმინისტრატორი.