2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ Meta-ს მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების შესახებ 47 თხოვნით, ჯამში 149 ანგარიშის შესახებ მიმართა. Meta-ს წლის ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნათა უმეტესობა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესით იყო გამოწვეული და საქართველოდან შესული მოთხოვნების 93.62% დადებითად დააკმაყოფილეს, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია Meta-მ საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა.
საუბარია Meta-ში შემავალი Facebook-ის, Instagram-ის, Messenger-ისა და Whatsapp-ის ანგარიშებზე. ჰოლდინგი ინფორმაციის სრულად, ნაწილობრივ ან საერთოდ არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას თითოეული განცხადის დეტალური, სამართლებრივი შესწავლის საფუძველზე იღებს.
“სქრინი” ანგარიშიდან
Meta-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთავრობისგან შესული მოთხოვნების რაოდენობა გაზრდილია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში 27 მოთხოვნა შევიდა, 2022 წლის ივლისს-დეკემბერში კი – 28.
ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, გასული წლის პირველ 6 თვეში გაზრდილია Meta-ს მიერ საქართველოს მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელიც.
რეგიონის ქვეყნებიდან Meta-ს გასული წლის პირველ ექვს თვეში ყველაზე ხშირად საქართველოდან მიმართავდნენ. სომხეთის მთავრობამ იმავე პერიოდში Meta-ს 5 მოთხოვნა გაუგზავნა (60% დაკმაყოფილდა), აზერბაიჯანის მთავრობამ კი – 15 (40% დაკმაყოფილდა).
Meta-მ გასული წლის პირველ ექვს თვეში ყველაზე მეტი მოთხოვნა აშშ-დან მიიღო, 74 ათასამდე (73 956) განაცხადი 125 ათასზე მეტი პირის ანგარიშებს შეეხებოდა. დაკმაყოფილდა მოთხოვნის 87.84%.
ევროპის ქვეყნებიდან პერსონალურ ანგარიშებზე ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, Meta-ს ყველზე მეტი განცხადება გერმანიიდან აქვს მიღებული. 21 ათასამდე განაცხადის (20 741) 71.75% დადებითად დაკმაყოფილდა.
წყარო: იხილეთ აქ.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.
.