საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტო – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები ფუნქციონირებენ ურთიერთშეკავების და გაწონასწორების რეჟიმში, ისე, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ამგვარი საზოგადოების უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს წარმოადგენდეს. ამასთან, სამოსამართლო ფიცის ერთგული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი, წესიერი, თანასწორობის პრინციპის დაცვით მოქმედი, კომპეტენტური და გულმოდგინე მოსამართლეები უზრუნველყოფენ სამართლიანი სასამართლოს არსებობას.

სამოსამართლო ეთიკა ეყრდნობა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და სამოსამართლო ეთიკის სფეროში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით – „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპებს“ და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) №3 დასკვნას.

წარმოგიდგენთ სამოსამართლეო ეთიკის რამდენიმე მნიშნელოვან წესს:

  • მოსამართლე არის სამოსამართლო ფიცის ერთგული, კანონიერების და მის წინაშე ყველას თანასწორობის გარანტი. პოლიტიკური, სოციალური, საზოგადოებრივი ან სხვაგვარი ურთიერთობა, მხარის სტატუსი, მედიის ზეწოლა, კრიტიკის (მათ შორის – უსაფუძვლო კრიტიკის), ფიზიკური ზიანის ან დევნის შიში მოსამართლის აზრზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შინაგანი რწმენის საფუძველზე, გამბედავად და გულისხმიერად.
  • მიუკერძოებლობა არის მნიშვნელოვანი სასამართლო უფლებამოსილების ჯეროვნად განსახორციელებლად. ის ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაზე, არამედ პროცესზეც, რომლის შედეგად გადაწყვეტილება მიიღება.
  • მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
  • მოსამართლეს ეკრძალება მის წარმოებაში არსებული საქმის შედეგზე წინასწარ მითითება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული (მაგ.: მორიგების მიზნით დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე მითითება და სხვ.) განმარტებების მიცემისა.
  • მოსამართლე ვალდებულია – კანონით აკრძალული ფორმით კომუნიკაციის მცდელობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს, ასევე – შეატყობინოს კომუნიკაციის ფაქტისა და შინაარსის შესახებ სხვა მხარეებს და ადვოკატებს, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება.
  • მოსამართლემ თავისი უფლება გაერთიანების, გამოხატვის, შეკრების, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებაზე ყოველთვის უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ ხელშეუხებლად დაიცვას მოსამართლის ღირსება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
  • მოსამართლემ აზრის გამოთქმის უფლებით სარგებლობისას ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ სად და რა ვითარებაში აკეთებს განცხადებას, რათა საზოგადოებამ არ აღიქვას იგი ერთი პოლიტიკური პარტიის ან კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფის მხარდაჭერად, ან არ წარმოშვას საფუძვლიანი წინაპირობა იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ ეს განცხადება ხელს შეუშლის საქმეზე მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას.
  • მოსამართლეს ეკრძალება გაწევრიანება პოლიტიკურ გაერთიანებაში, პოლიტიკური საქმიანობა, საარჩევნო სუბიექტის საჯარო მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა, პოლიტიკური პროპაგანდა როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ, მონაწილეობა საარჩევნო კამპანიებში, დემონსტრაციებში, ფონდების მოძიებაში ან სხვა მსგავსი ხასიათის ინიციატივებში საჯაროდ ან კერძოდ. აკრძალვა არ ვრცელდება იმ საჯარო (მათ შორის – პოლიტიკურ) პროცესში ჩაბმასა და აზრის გამოთქმაზე, რომელიც უკავშირდება სასამართლოს ფუნქციონირების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.
  • კეთილსინდისიერებას (შეუვალობას) აქვს არსებითი მნიშვნელობა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისათვის. მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი საქციელი ინფორმირებული, ობიექტური და საღად მოაზროვნე დამკვირვებლის თვალში იყოს უმწიკვლო.
  • მოსამართლის ყოველი ქმედება (საქციელი) უნდა განამტკიცებდეს ადამიანების რწმენას სასამართლო ხელისუფლების კეთილსინდისიერებისადმი. მან არ უნდა გამოიყენოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხდომა პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური ან სხვა იმგვარი პირადი მოსაზრებების გამოსახატად, რომლებიც აშკარად არ უკავშირდება საქმის გადაწყვეტის ამოცანებს.
  • მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად. მოსამართლის პირადი, საზოგადოებრივი და პროფესიული ქცევა კარგად ინფორმირებული, ობიექტური, კეთილსინდისიერი დამკვირვებლის მიერ უნდა აღიქმებოდეს ღირსეულ, უმწიკვლო ქცევად.
  • მოსამართლე უნდა  მოერიდოს  დამამცირებელი  აზრის  საჯაროდ  გამოხატვას სხვა მოსამართლის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე. მოსამართლის კრიტიკას სამოსამართლო  აზრის  გამოთქმისას  სხვა  მოსამართლის  გადაწყვეტილების  შესახებ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, რომელიც არ დააზიანებს საზოგადოებრივ ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მოსამართლეს უფლება აქვს – სასწავლო ან სამეცნიერო ხასიათის კომენტარი გააკეთოს სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილებების შესახებ.
  • იურიდიული პროფესიის ცალკეულ წარმომადგენლებთან პირადი ურთიერთობისას, რომლებიც რეგულარულად გამოდიან მოსამართლის წინაშე სასამართლოში, მოსამართლე უნდა მოერიდოს ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც გონივრულია შექმნან მიკერძოების ან უპირატესობის მინიჭების ეჭვი.
  • მოსამართლემ უნდა დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია და არ გაამჟღავნოს ან გამოიყენოს იგი სხვა ისეთი მიზნით, რაც არ უკავშირდება სამოსამართლო ფუნქციების შესრულებას. მოსამართლეს ეკრძალება სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება.
  • მოსამართლემ არ უნდა მიიღოს საჩუქარი ან სხვა სარგებელი, თუ: ა) მისი მიღება აკრძალულია კანონით; ბ) მას იღებს იმგვარი მოქმედების/უმოქმედობისათვის, რაც ისედაც ევალებოდა საკუთარი სამოსამართლო მოვალეობების განხორციელების ფარგლებში.
  • მოსამართლე ვალდებულია – უზრუნველყოს პროცესის მონაწილეთა კანონის წინაშე თანასწორობა. დაუშვებელია, რომ პროცესის მონაწილის რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი, წოდებრივი, თანამდებობრივი, ქონებრივი, რელიგიური, სქესობრივი კუთვნილება ან სხვა გარემოება გავლენას ახდენდნენ მოსამართლის უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელებაზე ან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  როდესაც  ეს  გარემოება  წარმოადგენს საქმის საგანს.
  • მოსამართლე პატივს უნდა სცემდეს სასამართლოს პერსონალს, აგრეთვე – თვალყურს ადევნებდეს, რომ სასამართლოს მოხელე იცავდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს, კორექტულად მოქმედებდეს, არ იჩენდეს რაიმე მიკერძოებას ან არ ავლენდეს განსხვავებულ დამოკიდებულებას მხარეების მიმართ დაუშვებელი ნიშნის (რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური შეხედულება და სხვ.) მიხედვით.
  • მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. ამასთან, მოსამართლემ სასამართლო მოხელესაც უნდა ურჩიოს თავშეკავება ამგვარი განცხადების გაკეთებისაგან.
  • მოსამართლის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ მოვალეობას, დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, არ უქმნის საფრთხეს სასამართლოს ავტორიტეტს, არ ქმნის ეჭვის საფუძველს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
  • კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.
  • მოსამართლეს ეკრძალება გაფიცვა. მას არა აქვს უფლება, რაიმე მოტივით, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, უარი თქვას ან სხვას მოუწოდოს სამსახურებრივი და პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისაკენ.

წინამდებარე წესები, რომელთა დაცვა თითოეული მოსამართლის პირადი მოვალეობაა არ წარმოადგენს მოსამართლეთა ქცევის ამომწურავ სახელმძღვანელოს და მისი რომელიმე ნორმა, მოსამართლის ქცევის სათანადოობის შეფასებისას, გამოიყენება არა ცალკე მდგომი მნიშვნელობით, არამედ – ყველა სხვა ნორმასთან ერთობლიობაში;

დაუშვებელია ამ წესების ნორმების ისეთი განმარტება, რაც ხელს შეუშლის მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის ფუნდამენტურ დამოუკიდებლობას. ამ წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ, დისციპლინურ, სამოქალაქოსამართლებრივ თუ სხვა სახის პასუხისმგებლობას მხოლოდ შესაბამისი, სპეციალური საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

წყარო: https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/aqtebi15.pdf

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

Telegram Popup