შარლ ანრი სანსონი – დაიბადა 1739 წლის 15 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ცნობილი პარიზელი ჯალათის შარლ ჟან-ბატისტა სანსონისა და მადლენ ტრონსონის ოჯახში. იგი წარმოადგენდა საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ჯალათს, სანსონების ჯალათთა დინასტიიდან. როგორც წესი, იმ პერიოდისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში “ჯალათი” ის პროფესია გახლდათ, რომელიც შთამომავლობით, მამიდან შვილზე გადადიოდა. ასევე იყო ამ შემთხვევაშიც. მაშინ როდესაც 1754 წელს, პარიზში ცნობილმა ჯალათმა შარლ ჟან-ბატისტა სანსონმა, ანუ შარლ ანრი სანსონის მამამ კიდურების პარალიჩი მიიღო, მამის “პროფესია” მასზეც შთამომავლობით გადავიდა, რისთვისაც ბავშვობიდანვე ემზადებოდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ მისი ბიძაც ასევე პროფესიით ჯალათი იყო. თავდაპირველად, როდესაც თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა, სიკვდილით დასჯის იმავე მეთოდებს იყენებდა რაც იმ პერიოდისათვის გახლდათ “მიღებული”, ხოლო საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ კი მხოლოდ “გილიოტინის” მეშვეობით სჯიდა სიკვდილმისჯილებს. როგორც მისი თანამედროვეებიდან ხდება ცნობილი – შარლ ანრი სანსონი, მიუხედავად იმისა, რომ ჯალათი იყო, საკმაოდ კარგი, დახვეწილი მანერებით და ჯელტმენობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა ეხმარებოდა ღარიბ მოსახლეობასაც. მიუხედავად ამისა მასთან ურთიერთობას ყველა გაურბოდა თავისი უსაშინელესი პროფესიის გამო. ცნობილია ისიც, რომ თავის მსხვერპლს იგი ეშაფოტზე ასვლისას რჩევებსაც კი აძლევდა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო უკეთესი მათთვის სიკვდილის შეგებება. მაგალითად ასეთი “რეკომენდაცია” მან სიკვდილით დასჯის წინ მისცა ჟან პოლ მარატის მკვლელ ქალს – შარლოტა კორდეს. მის მიერ სიკვდილით დასჯილ უამრავ უბრალო მოკვდავთაგან თუ ცნობილ ადამიანთაგან აუცილებლად აღსანიშნავია საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ის, საფრანგეთის დედოფლის – მარია ანტუანეტის და დიდი ფრანგი რევოლუციონერის – ჟორჯ ჟაკ დანტონის, სიკვდილით დასჯა ეშაფოტზე, გილიოტინის მეშვეობით, სადაც იგი მთავარი ჯალათის ფუნქციას ასრულებდა. შარლ ანრი სანსონი გახლდათ სწორედ იმ კომისიის წევრი (თავად ჟოზეფ იგნას გილიოტინის მიწვევით), რომელმაც მხარი დაუჭირა პრაქტიკაში სიკვდილით დასჯის შედარებით “ჰუმანური” მანქანის – გილიოტინის შემოღებას.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.