ხოსე ლუის კალვა ზეპედა – დაიბადა 1969 წლის 20 ივლისს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში. იგი გახლდათ ის მექსიკელი მწერალი და პოეტი, რომელსაც სასამართლომ ბრალი დასდო და დაუმტკიცა რიგ მკვლელობებსა და კანიბალიზმში. როგორც მისი ბიოგრაფიიდან არის ცნობილი, ზეპედამ საშინელი ფსიქოლოგიური ტრამვები ჯერ კიდევ პატარაობაში მიიღო. იგი ორი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ზეპედას დედამ სახლში საყვარელი მამაკაცი მიიყვანა. 7 წლის ასაკში, მის ცხოვრებაში განსაკუთრებულად საშინელი მოვლენა მოხდა, რამაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა საბოლოოდ მოსპო და დაასამარა. კერძოდ,16 წლის ასაკში მყოფმა ძმის მეგობარმა, მასზე ფიზიკური ძალა იხმარა და… მიუხედავად ასეთი გამანადგურებელი დარტყმისა, შემდგომში დაქორწინდა. ქორწინებაში ორი შვილი შეეძინა. იმ პერიოდში მისთვის, თითქოს ცხოვრებას რაღაც აზრი დაუბრუნდა, თუმცა ამასაც მალევე დაესვა წერტილი. ხოსეს მეუღლე გაშორდა. ის ბავშვებთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. აღნიშნულმა მოვლენამ ხოსე უმძიმეს დეპრესიაში ჩააგდო. მან დაჰკარგა საყვარელი მეუღლე და შვილები, რამაც საბოლოოდ შეარყია მისი, ისედაც შერყეული ფსიქიკა და მონსტრად ქცეულმა მანიაკმა ნადირობა დაიწყო მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებზე. იგი მათ ჯერ ჰკლავდა და შემდეგ მათი ხორცით იკვებებოდა. ეს საშინელება რამდენიმე ხნის მანძილზე გრძელდებოდა. როგორც ზეპედას ახლობლები ამბობდნენ, იგი ძალიან ცინიკური და თავისთავზე შეყვარებული პიროვნება იყო. ცნობილია ისიც, რომ ქრონიკული ალკოჰოლიკი და ნარკომანი იყო. ამის გამო მისი საქციელები არაადეკვატურობით გამოირჩეოდა და არაერთხელ უცადია კიდეც სუიციდი. საკუთარ თავს მწერლად, დრამატურგად და პოეტად მოიხსენიებდა. საკუთარ ლექსებსა და ზოგადად შემოქმედებას მეხიკოს ქუჩებში ჰყიდდა. 2004 წელს პოლიციამ, ხოსეს სახლის სიახლოვეს აღმოაჩინა ჩანთა, რომელშიც დანაწევრებული ქალის – ვერონიკა მარტინეს კაზაბურის ცხედარი იყო ჩადებული. თუმცა მაშინ გამოძიებას აზრად არ მოსვლიათ მწერლის დაკითხვა. მას შემდეგ, რაც ხოსეს მეგობარი გოგონა – ალეხანდრა გალეანი გაუჩინარდა, გოგონას ოჯახმა და პოლიციამ მასზე მიიტანა ეჭვი, რადგან სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე იგი მასთან ერთად ცხოვრობდა. 2007 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც სამართალმდამცველები ეჭვმიტანილის სახლში შევიდნენ – ზეპედა სწორედ იმ დროს შეექცეოდა მის მიერვე მოკლული გოგონასაგან დამზადებულ “კერძს”. პოლიციელების დანახვაზე გაქცევა სცადა, რა დროსაც ფანჯრიდან გადახტა, თუმცა გადახტომისას ტრამვა მიიღო და მიმალვა ვერ მოახერხა. სამართალდამცველები გაოგნდნენ, როდესაც მათ ხოსეს სახლში (მაცივარში) იხილეს ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილები და ძვლები – საპურეში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხოსე ლუის კალვა ზეპედას სახლში კედელზე გაკრული ჰქონდა – ტომას ჰარისის რომანის გმირის, საყოველთაოდ ცნობილი – ჰანიბალ ლექტერის გამოსახულებიანი დიდი სურათი, მაგიის წიგნები და ფილმები ჰანიბალ ლექტერის შესახებ. გარდა ამისა, პოლიციამ კანიბალის სახლში აღმოაჩინა დაუსრულებელი რომანი, სახელწოდებით – “კანიბალის ინსტიქტები”, რომელშიც დატანებული იყო თავად ზეპედას სურათები, ჰანიბალ ლექტერის ნიღბებით (იმ ნიღბებით, რომელიც – “კრავთა დუმილშია” ასახული). თავად წიგნი კი, გამოირჩეოდა უმძიმესი სიუჟეტებით. ხოსე ლუის კალვა ზეპედას, გამოძიება სამი ადამიანის მკვლელობასა და შეჭმას ედავებოდა, თუმცა სასამართლომ ორი ადამიანის მკვლელობა და მათი შეჭმა დაუმტკიცა. ყოველივე ამის შემდეგ მექსიკურმა სასამართლომ კანიბალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თავად ბრალდებული, მხოლოდ ალეხანდრა გალეანის მკვლელობას აღიარებდა, თუმცა კანიბალიზმს კატეგორიულად უარყოფდა. იგი ამბობდა, რომ მოკლული გოგონას სხეული კვალის დაფარვის მიზნით დაანაწევრა და მისი ხორცით არა თავად იკვებებოდა, არამედ საკუთარ ძაღლებს კვებავდა. 2007 წლის 11 დეკემბერს, 38 წლის ასაკში მყოფმა მექსკიელმა მწერალმა-კანიბალმა – ხოსე ლუის კალვა ზეპედამ, ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. Reuters-ის მონაცემების თანახმად კი, იგი სასამართლოს არ დაელოდა და განაჩენის გამოტანამდე ჩამოიხრჩო თავი საკანში.
(ავტორი გენია.ჯი)
José Luis Calva
ვებგვერდის ადმინისტრატორი.