ჯორჯ იუნიუს სტინი (1929-1944 წლები) – წარმოადგენდა ყველაზე მცირეწლოვან ადამიანს (აფროამერიკელ ბავშვს) ამერიკული მართლმსაჯულების ისტორიაში, რომელიც 14 წლის ასაკში სიკვდილით იქნა დასჯილი. მკითხველო, ქვემოთ მოყვანილი ისტორია გულგრილს არავის დატოვებს, რადგან საქმე ეხება იმ მეტად სულისშემძვრელ ისტორიას, რომლის შესახებაც დავა დღემდე არ წყდება. 1944 წლის 23 მარტს (ეს ის პერიოდია, როდესაც რასიზმი მძვინვარებდა ამერიკაში), სამხრეთ კაროლინაში მდებარე კალედონის ოლქში, გაუჩინარდა ორი თეთრკანიანი ბავშვი – 11 წლის ბეტი ბინიკერი და 8 წლის ემა ტემზი. უკანასკნელად, ბავშვები ნახეს 14 წლის ჯორჯ იუნიუს სტინმა და მისმა დამ – კეტრინმა, რომელთაც გოგონებმა ჰკითხეს, თუ სად შეიძლებოდა ეპოვათ იმ მიდამოებში გავრცელებული ულამაზესი მცენარე – პასიფლორა. როდესაც გოგონები სახლში არ დაბრუნდნენ, სასწრაფოდ იქნა დაწყებული სამძებრო სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობას ჯორჯის მამაც იღებდა. ბავშვების დასახიჩრებული ცხედრები (თავის ქალები ჰქონდათ დამსხვრეული), აღმოჩენილ იქნა მეორე დღეს არხში. ჯორჯი იმავე დღეს იქნა დაკავებული. დაკითხვას ორი საათის განმავლობაში, დახურულ ოთახში აწარმოებდა ოლქის შერიფი და ორი პოლიციელი, ყოველგვარი დამსწრეების და ადვოკატის გარეშე. როდესაც შერიფი დაკითხვიდან გამოვიდა, განაცხადა, რომ ჯორჯ იუნიუს სტინმა ყველაფერი აღიარა. თუმცა აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ წერილობითი აღიარება ბრალდებულს არ მიუცია. როგორც მოგვიანებით – ატორნეი სტივ მაკენზი ირწმუნებოდა, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას გაუმხილა, რომ ჯორჯს შეჰპირდნენ ნაყინს, იმ შემთხვევაში თუკი ის იტყოდა, რომ მკვლელობა მისი ჩადენილი იყო. მიზეზად მკვლელობისა ბავშვების გაუპატიურება დასახელდა. დაკითხვიდან მეორე დღესვე, სასამართლომ ჯორჯს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში დასდო. მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიჭირეს, მთელი მისი ოჯახი დიდი ტერორის ქვეშ მოექცა. სამსახურიდან (ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო) გაანთავისუფლეს მამამისი და ოჯახს მოსთხოვეს სასწრაფოდ ქალაქი დაეტოვებინა, რადგან მათ “ლინჩის წესით” გასამართლება ემუქრებოდათ თეთრკანიანი მოსახლეობისაგან. მას შემდეგ რაც სტინის ოჯახი ქალაქიდან იძულების წესით მალულად იქნა გაძევებული, ბავშვი სრულიად უპატრონოდ იქნა დარჩენილი მთელი მის წინააღმდეგ ამხედრებული სამყაროს წინაშე. ჯორჯ სტინის საქმე 81 დღეში იქნა განხილული 12 თეთრკანიანი ნაფიცი მსაჯულის მიერ. თავად სასამართლო პროცესი კი მხოლოდ ერთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი – ჩარლზ პლოუდონი, წარმოადგენდა კარიერული წინსვლისაკენ მეტად მიზანსწრაფულ ერთ-ერთ საგადასახადო კომისარს. სასამართლოზე არ იქნა გამოძახებული არც ერთი მოწმე იმ სამი პოლიციელიდან, რომლებიც ბავშვს მკვლელობაში სდებდა ბრალს. აქვე ცნობილია ის გარემოებაც, რომ გარდა მათი ჩვენებებისა, ბუნებაში, სხვა რაიმე დამადასტურებელი ფაქტი ჯორჯ სტინის მიერ ჩადენილი მკვლელობებისა არ არსებობდა. არსად ჩანდა არც ბავშვის მიერ მიცემული ის ჩვენება, სადაც აღიარებული იყო ბრალი (იგი თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევდა). გარდა ამისა, სასამართლოზე არ დაუკითხავთ არც ერთი ის ადამიანი, რომელიც ბავშვის უდანაშაულობას ამტკიცებდა (არც ერთი შავკანიანი არ იქნა დაშვებული სასამართლო სხდომაზე). სასამართლო სხდომა მხოლოდ 2 საათისა და 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. კიდევ ათი წუთი კი მიეცათ ნაფიც მსაჯულებს იმისათვის, რომ ბავშვისთვის განაჩენი გამოეტანათ და მათ გამოიტანეს კიდეც ვერდიქტი, რომლის თანახმადაც ჯორჯ სტინი დამნაშავედ იქნა მიჩნეული ორი ადამიანის მკვლელობაში და მიესაჯა – “სიკვდილით დასჯა”, ყოველგვარი შეწყალების უფლების გარეშე…
თავად ადვოკატმა აპელაციაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ჯორჯ იუნიუს სტინის ოჯახს, არ გააჩნდა ფინანსები, საქმის ხელახალ ძიებაში დასაბრუნებლად. მიუხედავად საშინელი ბრალდებისა, მრავალმა ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, შეემსუბუქებინათ სასჯელი 14 წლის მოზარდისათვის. ისინი აღნიშნავდნენ, რომ თავად ჰიტლერის სასამართლოსაც კი არ გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენი ბავშვებისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯორჯ სტინი მორწმუნე ბავშვი იყო და განაჩენის აღსრულებამდე, საკანში მუდმივად ლოცულობდა და კითხულობდა ქრისტიანთა წმინდა წიგნს – “ბიბლიას”. სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ კოლუმბიის ციხეში, 1944 წლის 16 ივნისს საკნიდან სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად გაყვანილ იქნა 14 წლის – ჯორჯ სტინი, რომელსაც ხელში “ბიბლია” ეჭირა. როდესაც იგი სტანდარტული ზომის ელექტროსკამზე დასვეს, იგი მისთვის დიდი აღმოჩნდა, რის გამოც ციხის ადმინისტრაციამ დაბლიდან ის “ბიბლიის” წიგნი ამოუდო, რომელიც ბავშვს თან ჰქონდა. დილის 7:30 წუთზე ჯორჯ სტინი სიკვდილით დასაჯეს…
აღნიშნულ ისტორიას, 1988 წელს წიგნი მიუძღვნა მწერალმა – დევიდ სტაუტმა, რომელმაც ჯორჯ იუნიუს სტინის მიმართ გამოტანილი განაჩენი არამართლზომიერად მიიჩნია, რადგან მისი აზრით, მას ეს საშინელი აქტი არ ჩაუდენია. იგი აღნიშნავდა, რომ 14 წლის, 41 კილოგრამის და 150 სანტიმეტრის მქონე ბავშვი, ფიზიკურად ვერ შესძლებდა ორი პატარა გოგონას დამორჩილებას. აქვე მწერალი იმასაც აღნიშნავდა, რომ აფროამერიკელი ბავშვის სიკვდილით დასჯა, სხვა უფრო შორს მიმავალი გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. იგი თვლიდა, რომ შავკანიანი ბავშვის დასჯით, სხვა შავკანიანებს ერთგვარი გაფრთხილება მისცეს და ამის დასადასტურებლად ამერიკაში მიმდინარე რასიზმის პრობლემას ასახელებდა. მოგვიანებით, აღნიშნული რომანის მიხედვით გადაღებულ იქნა ფილმი სახელწოდებით – “დუმილის დასასრული”. თუმცა მისგან განსხვავებით, ბევრი ადამიანი გოგონების მკვლელობაში, ბრალს დღემდე, სწორედ ჯორჯ იუნიუს სტინს სდებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას მართებულადაც მიიჩნევს. მათ შორის დაღუპული ბავშვების ოჯახებიც. 2011 წელს ჯორჯ იუნიუს სტინის ძმამ – ჩარლზ სტინმა, მოითხოვა საქმის გადახედვა იმ იმედით, რომ მისი ძმა სიკვდილის შემდეგ მაინც გამართლდებოდა, თუმცა მართლმსაჯულება სდუმს…
ავტორი: გენია.გე
ვებგვერდის ადმინისტრატორი.