ტიმოთი ჯონ ევანსი (1924-1950 წლები) – წარმოადგენდა იმ უელსელ (დიდ ბრიტანელ) მხატვარ-დეკორატორს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობებისათვის – სიკვდილით დასჯა მიუსაჯა (და არა მარტო მიუსაჯა, არამედ დასაჯა კიდეც). აღნიშნული სამართლებლივი გადაწყვეტილება დღემდე მიიჩნევა დიდი ბრიტანული მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უსამართლო გადაწყვეტილებად, რის გამოც უწოდეს კიდეც მას ბრიტანული მართლმსაჯულების – “შავი ლაქა”, რადგან როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტომოთი ევანს საკუთარი ცოლ-შვილი ნამდვილად არ დაუხოცავს.
1935 წელს ევანსების ოჯახი, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. რამდენიმე ხნის მანძილზე იგი მღებავად და დეკორატორად მუშაობდა. მალევე ლონდონიდან უელსში, მშობლიურ მერტირ ტილფილდში დაბრუნდა, რათა იქ მაღაროებში დაეწყო მუშაობა. თუმცა თავისი ბედუკუღმართობის შედეგად, 1939 წელს კვლავაც ლონდონს დაუბრუნდა. 1947 წლის 20 სექტემბერს დაქორწინდა – ბერილ სიუზან ტორლიზე. დაქორწინების შემდეგ, რამდენიმე ხნის მანძილზე ცოლ-ქმარი ევანსის მშობლების სახლში ცხოვრობდა. 1948 წელს ბერილი დაფეხმძიმდა, რის შემდეგაც ისინი საცხოვრებლად ახალ ბინაში, რილინგ-პლეისის N 10-ში გადავიდნენ. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა ფოსტის თანამშრომელი ცოლ-ქმარი – ჯონ და ეტელ კრისტები. 1948 წლის 10 ოქტომბერს ევანსებს გოგონა შეეძინათ, რომელსაც სახელად – ჯერალდინა დაარქვეს. როგორც მეზობლების ჩვენებებიდან ირკვეოდა, ტიმოთი და ბერილი ხშირად კამათობდნენ. ქმარი ცოლს ბრალს სდებდა უწესრიგობასა და ფულის უყაირათო ხარჯვაში. ქმრის ასეთ ბრალდებებს კი, მეუღლე აგრესიით პასუხობდა. გარდა ამისა, მიანიშნებდნენ იმასაც, რომ მათი დავა არა მარტო მეზობლებს, არამედ ქუჩაში გამვლელებსაც კი ესმოდათ. 1949 წელს ბერილმა ქმარს შეატყობინა, რომ იგი ორსულად იყო. თუმცა ხელმოკლე ფინანსური მდგომარეობის გამო მათ მეორე ბავშვის გაჩენა ვერ გადაწყვიტეს.
1949 წლის 30 ნოემბერს ტიმოთი ევანსმა დარეკა პოლიციაში და აცნობა, რომ საკუთარი ცოლ-შვილი დახოცა და მათი ცხედრები სანიაღვრე არხში ჩაძირა. მას შემდეგ, რაც მითითებულ ადგილზე პოლიცია გამოცხადდა, ვერ იქნა აღმოჩენილი ვერცერთი დაღუპულის გვამი. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ტიმოთი რაღაც დიდ საიდუმლოებას მალავდა. მას შემდეგ, ტიმოთიზე განხორციელდა საშინელი ფსიქოლოგიური წნეხი, რამაც შედეგად ახალი ვერსიისა და ისტორიის შეთხზვა გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ევანსებს მეორე ბავშვი რომ არ გაეჩინათ, გადაწყვიტეს ბერილს აბორტი გაეკეთებინა. იმ პერიოდში დიდ ბრიტანეტში აბორტის გაკეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნეოდა. ამ საქმეში კი დახმარება ევანსებს მათმა მეზობელმა ჯონ კრისტიმ შესთავაზა. 8 იანვარს სამსახურიდან დაბრუნებულ ტიმოთის კრისტიმ უთხრა, რომ აბორტი წარუმატებლად დასრულდა და ბერილი დაიღუპა. როდესაც ტიმოთიმ მეუღლის ცხედრის ნახვა მოისურვა, კრისტიმ მიუგო, რომ იგი მას ვეღარასოდეს ნახავდა, რადგან უკვე თავადვე დაკრძალა. ასეთი სასწრაფო წესით დაკრძალვა კი კრისტის სიტყვებით აბორტის არაკანონიერმა გაკეთებამ გამოიწვია, რადგან მას არ სურდა სამართალდამცავებთან პრობლემების შექმნოდა. აქვე, მეზობელმა ტიმოთის უთხრა, რომ ცოლის უცნაურ გარემოებებში დაკარგვაში მას დასდებდნენ ბრალს და ურჩია, რომ პოლიციას დამალვოდა. ფსიქოლოგიურად და მორალურად განადგურებული კაცი მის “ბრძნულ” რჩევას დაყაბულდა და უელსში ისე გაემგზავრა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი არც კი გახსენებია.
დეტექტივებმა ხანგრძლივი ძიების შედეგად აღმოაჩინეს ქალისა და ახლად დაბადებული ბავშვის ცხედრები. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ისინი გაგუდულები იყვნენ. დაკავებული იქნა ტიმოთი ჯონ ევანსი. როგორც გამოძიება ირწმუნებოდა, ტიმოთი ევანსმა აღიარა ცოლ-შვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. აღნიშნული ჩვენება კი სრულიად საკმარისად აღმოჩნდა იმისათვის, რომ სასამართლოს ევანსისათვის პირველი ხარისხის მკვლელობებში დაედოთ ბრალი. საქმის განხილვისას გაჩნდა ვერსია, რომ ტიმოთის ჩვენება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. როგორც ფსიქიატრები ირწმუნებოდნენ, მან ბავშვისა და მეუღლის ცხედრების აღმოჩენის შემდეგ ძალიან დიდი ემოციური შოკი მიიღო და შესაბამისად ფსიქიკურადაც შეირყა. შესაბამისად მისი ჩვენება საღად აზროვნების მქონე ადამიანის ჩვენებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ფსიქიატრების არაერთი დასკვნებისა, სასამართლომ აღნიშნული ფაქტი არ გაითვალისწინა.
მაშინ, როდესაც ტიმოთი ნორმალურ აზრზე მოვიდა, კატეგორიული უარი განაცხადა პირველ ჩვენებაზე და ცოლ-შვილის მკვლელობაში ოფიციალურად დასდო ბრალი საკუთარ მეზობელს – ჯონ კრისტს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჯონ კრისტი ტიმოთის საქმეში ერთ-ერთი უმთავრესი მოწმე იყო. მან სასამართლოზე განაცხადა, რომ არანაირი აბორტი ბერილისათვის არ გაუკეთებია და მოჰყვა კიდეც ევანსების ოჯახში მომხდარ მრავალ ურთიერთდაპირისპირების ისტორიებს. იმისათვის, რომ საკუთარი დანაშაული დაემალა, ჯონ კრისტმა სრულიად უდანაშაულო და გაუბედურებული ტიმოთი უცილობელი სიკვდილით დასჯისათვის გაწირა. ევანსის ადვოკატის მცდელობ, ბრალი დაედოთ კრისტისათვის – ამაო გამოდგა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატის არც ერთი მტკიცებულება და ტიმოთი ევანს – “სასიკვდილო განაჩენი” გამოუტანა (ჩამოხრჩობით).
ცოლ-შვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებული 25 წლის ასაკში მყოფი ტიმოთი ჯონ ევანსი სიკვდილით დასჯილი იქნა 1950 წლის 9 მარტს….
აღნიშნული ფაქტიდან სამი წლის გასვლის შემდეგ კრისტების ბინა შეისყიდა ვინმე – ბერესფორდ ბრაუნმა, რომელმაც სახლის ეზოში სამი მოკლული ქალის ცხედარი აღმოაჩინა. პოლიციამ გარდა ამისა, იქვე აღმოაჩინა კიდევ სამი ქალის და თავად ჯონ კრისტის მეუღლის ცხედრებიც. 1953 წლის 31 მარტს დაკავებულ იქნა ჯონ კრისტი, რომელმაც სხვა მკვლელობეთან ერთად ბერილის (ტომითის მეუღლის) მკვლელობა აღიარა, თუმცა არ აღიარებდა ჩვილის განზრახ მკვლელობას და ამას შემთხვევითობად მიიჩნევდა. 1954 წლის 15 ივლისს ჯონ კრისტი სიკვდილით იქნა დასჯილი.
დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისათვის ნათელი გახდა, რომ ტიმოთი ევანს საკუთარი ცოლ-შვილი არ მოუკლავს და რომელი ჩვენებაც გამოძიებას მისცა, ის მართლაც ემოციური შოკისა და ფსიქოლოგიური ტრამვის შედეგი იყო. ამ ფაქტმა კი ქვეყანაში მასობრივი მღელვარება გამოიწვია. ბრიტანელები მოითხოვდნენ საქმის ხელახლა ძიებაში დაბრუნებას და უდანაშაულოდ სიკვდილით დასჯილი ტიმოთი ევანსის სახელის რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მართლმსაჯულება თავისი პრესტიჟის დაცვის გამო დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს საქმის ხელახლა ძიებაში დაბრუნებისაგან, საბოლოოდ 1966 წელს ხალხის უზარმაზარმა წნეხმა აიძულა, რომ 16 წლის წინ დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა ეღიარებინა. უსამართლოდ სიკვდილით დასჯილი უბედური კაცის – ტიმოთი ჯონ ევანსის სახელი რეაბილიტირებულ იქნა…
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უდანაშაულო ტიმოთის მიმართ გამოტანილმა უმკაცრესმა და არასამართლიანმა განაჩენმა წლების გასვლის შემდგომ (1965 წელს) უდიდესი გავლენა იქონია დიდ ბრიტანეთში სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე. ამ შემაძრწუნებელ ისტორიას მოგვიანებით მრავალმა ავტორმა მიუძღვნა წიგნი და სიმღერა. ”ტიმოთი ჯონ ევანსის საქმეს” კი დღემდე მიიჩნევენ დიდი ბრიტანეთის სასამართლო სისტემის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს “შავ ლაქად”.
წყარო: გენია.გე
ვებგვერდის ადმინისტრატორი.