საჯარო სამსახურში საქმიანობა გულისხმობს საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციებისა და საჯარო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. საჯარო მოსამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები მოიცავს საჯარო მოსამსახურის მიერ კონსტიტუციური ღირებულებებისა და სახელმწიფოსადმი ერთგულებას, მიუკერძოებლობასა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდებას, მოქალაქეებთან ურთიერთობისას თანაბრად მოპყრობის ვალდებულებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას.
საჯარო მოსამსახურე ასევე ვალდებულია დაიცვას საჯარო სამსახურში არსებული ქცევის წესები და ეთიკის ნორმები. საჯარო მოსამსახურე საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის პროცესში ანგარიშვალდებულია სახელწიფოსა და საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
დისციპლინური პასუხისმგებლობა წარმოადგენს საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმას, რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება. საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დეტალურად უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობით, რათა საჯარო მოსამსახურისათვის წინასწარ ცნობილი იყოს დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ხასიათი, დისციპლინური საქმის წარმოების პროცედურა და უფლების დაცვის საშუალებები. საჯარო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ გამორიცხავს საჯარო მოსამსახურის სისხლის-სამართლებრივ ან სამოქალაქო პასუხისმგებლობას შესაბამისი ხასიათის დარღვევის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობას არეგულირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუმცა არსებული რეგულირება ზოგადია და არ მოიცავს დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ასევე დამატებით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურებში არსებული შინაგანაწესით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და უზრუნველყოს კანონმდებლობაში მოცემული საკითხის დეტალური მოწესრიგება. სტატიის მიზანია საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის რეგულირების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე.
საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისგებლობის საკითხის რეგულირება უნდა განხორციელდეს სამართლებრივი და პროცედურული პრინციპების გათვალისწინებით. სამართლებრივი პრინციპები წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ შინაარსობრივი ნორმების განმსაზღვრელ ძირითად საფუძვლებს, ხოლო პროცედურული პრინციპები შეეხება დისციპლინური წარმოების პროცესისას გასათვალისწინებელ ძირითად საკითხებს. საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი პრინციპებია:
1. კანონიერების პრინციპი – გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა მოწესრიგდეს კანონის საფუძველზე. საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, ძირითადად, მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობით.
2. დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის წინასწარ განსაზღვრის პრინციპი – გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილი შესაძლო დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული გადაცდომისათვის დაკისრებული სახდელი კანონით წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, რათა საჯარო მოსამსახურემ შეძლოს მისი ქმედებისა და მოსალოდნელი შედეგების წინასწარი განსაზღვრა.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უკუქცევითი ძალის აკრძალვის პრინციპი – გულისხმობს, რომ დისციპლინურ პასუხისმგებლობის მარეგულირებელ ნორმებს არ გააჩნიათ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახალი ნორმა უფრო სასარგებლოა საჯარო მოსამსახურისათვის. აღნიშნული პრინციპი მოქმედებს დისციპლინური წარმოების მიმდინარეობის პროცესში და არ გამოიყენება საჯარო მოსამსახურისათვის უკვე დაკისრებული დისციპლინური სახდელის შემთხვევაში.
4. პროპორციულობის პრინციპი – გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს.
5. ბრალეულობის პრინციპი – გულისხმობს, რომ დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია განხორციელდეს საჯარო მოსამსახურის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით. საჯარო მოსამსახურეს არ უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, როდესაც საზიანო შედეგი დადგა ფორს-მაჟორული გარემოებების გამო და საჯარო მოსამსახურეს არ გააჩნდა საზიანო შედეგის დადგომის განზრახვა. ბრალეულობის პრინციპის მოქმედება მნიშვნელოვანია, როდესაც საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული სადავო ქმედების მომწესრიგებელი ნორმები ერთმანეთს არ შეესაბამება ან წინააღმდეგობაშია სხვა ნორმებთან. საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას დისციპლინური წარმოების პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურული პრინციპების დაცვით:
6. შეჯიბრობითობის პრინციპი – გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისციპლინური საქმის განხილვის პროცესში უპასუხოს დისციპლინური გადაცდომის შესახებ არსებულ საჩივარს, წარადგინოს თავის მოსაზრებები, არგუმენტები და მტკიცებულებები. საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება აქვს გამოიყენოს დაცვის უფლება და ჰყავდეს წარმომადგენელი.
7. საქმის წარმოების დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა – გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეს ან მის დამცველს უფლება აქვთ მიიღონ ყველა დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება საჯარო მოსამსახურის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი და რომელიც წარდგენილია დისციპლინური საქმის წარმოების პროცესში. დისციპლინური საქმის მასალების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია საჯარო მოსამსახურის მიერ დაცვის უფლების განსახორციელებლად.
8. გასაჩივრების უფლება – გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასამართლოს წესით გაასაჩივროს დისციპლინური დავის განმხილველი პირის/ორგანოს გადაწყვეტილება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე. საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკანონმდებლო რეგულირება უნდა დაეფუძნოს ზემოთ აღნიშნულ პრინციპებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართლიანი განხორციელება.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.