„ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.“
საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, მუხლი 3
ოჯახური ძალადობა, ყველაზე ხშირად პარტნიორებს შორის ხდება. ასეთ ძალადობას, როგორც წესი, სისტემატური ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს ერთი ადამიანის მიერ მეორის დაქვემდებარებას, საკუთარი ძალაუფლებისა და კონტროლის ქვეშ მოქცევას.
ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა! ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი რასის, სოციო-ეკონომიკური წრის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, გენდერული იდენტობისა თუ რელიგიის წარმომადგენელი. ძალადობა შეიძლება ხდებოდეს ნებისმიერ წყვილს შორის, ვინც დაქორწინებულია, ერთად ცხოვრობს ან, უბრალოდ, ხვდება ერთმანეთს.
ოჯახური/პარტნიორთა შორის ძალადობა მოიცავს ქცევათა ძალიან ფართო სპექტრს, რომელშიც შედის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქო-ემოციური და ეკონომიკური ძალადობა. კვლევები ცხადყოფს, რომ მსხვერპლთა უდიდესი უმეტესობა ქალია, მოძალადე კი – კაცი.
ხშირად იმისთვის, რომ გავიაზროთ ოჯახში/პარტნიორთა შორის ძალადობის სისტემატური ხასიათი, ვიყენებთ ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალის ვიზუალს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორი საქციელი შეიძლება იყოს ძალადობა.
ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალი
ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ყველაზე მწვავე ფორმის ძალადობაა. ხშირად სადაც ფიზიკური ძალადობაა, იქვეა სექსუალური ძალადობაც, რადგან მოძალადე საძინებლის ზღურბლზე გადაბიჯების შემდეგაც არ იცვლება. იქ, სადაც ფიზიკური და სექსუალური ძალადობაა, სხვა ტიპის უფრო მსუბუქი ძალადობრივი ქცევებიც შემაშფოთებლად აღიქმება მსხვერპლის მიერ. ასე მაგალითად, დამამცირებელი სახელით მიმართვა, რაც არასასიამოვნოა ადამიანისათვის, არაძალადობრივ წყვილში მოგვარდება ჩვეულებრივი საუბრით, სადაც ერთი მხარე მეორეს აუხსნის, რომ ასეთი მიმართვა არ სიამოვნებს, შეთანხმდებიან და ინციდენტი ამოიწურება. მაგრამ როდესაც დამამცირებელი სახელით მიმართავს მოძალადე მსხვერპლს, მსხვერპლი ვერ ბედავს შეპასუხებას, რადგან ასეთი შეპასუხება შეიძლება მას ძალიან ძვირად დაუჯდეს. შესაბამისად, ცალკე აღებული არასასიამოვნო ინციდენტები, რასაც ჩვეულებრივი წყვილი მარტივად გაართმევდა თავს, პრობლემურ წყვილში ძალადობის სისტემას აყალიბებს და ამყარებს.
ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალი სასარგებლო ინსტრუმენტია, რათა დავინახოთ როგორ მუშაობს ძალადობა. ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას ძალიან ხშირად თან ახლავს მცირე ძალადობრივი ხასიათის ქცევა. ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან შედარებით, ისინი ძნელად შესამჩნევია, თუმცა დიდ როლს თამაშობს მყარი ძალადობის მოდელის ჩამოყალიბებაში.
იძულება და მუქარა
- ემუქრება, რომ ტკივილს მიაყენებს
- ემუქრება, რომ მიატოვებს, თავს მოიკლავს
- აიძულებს, გამოიტანოს განცხადება პოლიციიდან
- აიძულებს, ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება
დაშინება
- პარტნიორს აშინებს გამოხედვთ, საქციელით, ჟესტებით
- ამტვრევს ნივთებს
- ანადგურებს პარტნიორის ნივთებს ან/და საკუთრებას
- ძალადობს ცხოველებზე
- დაშინების მიზნით აჩვენებს იარაღს
ფსიქოლოგიური ძალადობა
- ამცირებს პარტნიორს
- პარტნიორს აიძულებს თავის თავზე ცუდად იფიქროს
- ეძახის დამამცირებელ სახელებს
- აკეთებს ყველაფერს, რათა პარტნიორმა იფიქროს, რომ თავადაა გიჟი
- იყენებს ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდებს
- პარტნიორს აიძულებს, თავი დამნაშავედ იგრძნოს
ეკონომიკური ძალადობა
- პარტნიორს ხელს უშლის მოძებნოს ან/და შეინარჩუნოს სამსახური
- პარტნიორს აიძულებს, მას სთხოვოს ფული
- იღებს პარტნიორის ფულს
- პარტნიორს არ აწვდის ინფორმაციას ან არ აძლევს უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს ოჯახის საერთო შემოსავალზე
საკუთარი პრივილეგიების გამოყენება
- პარტნიორს ეპყრობა როგორც მოსამსახურეს
- იქცევა როგორც მბრძანებელი
- ის თავად აწესებს ქალისა და მამაკაცის როლებს
იზოლაცია
- აკონტროლებს, სად მიდის პარტნიორი, ვის ხვდება, ვის ელაპარაკება, რას აკეთებს, რას კითხულობს
- ამცირებს პარტნიორის საზოგადოებაში ჩართულობას
- ეჭვიანობით ცდილობს საკუთარი საქციელის გამართლებას
ბავშვების გამოყენება
- პარტნიორს აიძულებს, ბავშვების წინაშე დამნაშავედ იგრძნოს თავი
- ბავშვებთან ვიზიტს იყენებს პარტნიორის დასამცირებლად
- პარტნიორს ბავშვების წართმევით ემუქრება
მინიმუმამდე დაყვანა, უარყოფა და დადანაშაულება
- მცირე დეტალად მიიიჩნევს ძალადობას და არასერიოზულად აღიქვამს პარტნიორის შეშფოთებას
- უარყოფს ძალადობის ფაქტებს
- პარტნიორს აკისრებს ძალადობაზე პასუხისმგებლობას
- პარტნიორს აბრალებს, რომ მან გამოიწვია ძალადობა
პრევენცია
ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ.
სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ შესაბამისად, უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები.
რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ?
ძალადობრივი ურთიერთობიდან თავის დაღწევა არც ისე ადვილია. უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი არსებობს, რატომაც რჩებიან ადამიანები ძალადობრივ ურთიერთობაში, მათ შორის, არსებობს შიშის ფაქტორიც, რომ ძალადობრივი ურთიერთობის დატოვება შეიძლება საფრთხისშემცველი იყოს მსხვერპლისთვის.
ძალადობა გულისხმობს კონტროლსა და ძალაუფლებას, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, დაეხმარო შენს მეგობარსა თუ ოჯახის წევრს, არის მისი გაძლიერება, რათა მან თავად მიიღოს გადაწყვეტილება და თავად დაიწყოს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. დამატებით კი, შეგიძლია შემდეგი სახის დახმარება გაუწიო ადამიანს, ვინც ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფება:
- გაიაზრე, რომ ეს ადამიანი რთულ სიტუაციაშია. მზად იყავი, რომ მხარი დაუჭირო და მოუსმინო მას.
უთხარი მას, რომ ძალადობა მისი ბრალი არაა. ეცადე, დაარწმუნო, რომ მარტო არაა და შესაძლებელია მისი დახმარება. მისთვის შეიძლება რთული იყოს ძალადობაზე საუბარი. დაარწმუნე, რომ შენ მზად ხარ, მოუსმინო და დაეხმარო, როცა ის თავად იქნება მზად. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეგულებოდეს ვინმე, ვინც მოუსმენს.
- არ განსაჯო.
პატიცი ეცი შენი მეგობრისა თუ ოჯახის წევრის გადაწყვეტილებას, ბევრი მიზეზია, რის გამოც ის შეიძლება ძალადობრივ ურთიერთობაში რჩებოდეს. მან შეიძლება არაერთხელ დატოვოს, მაგრამ ისევ დაბრუნდეს ურთიერთობაში. ნუ გააკრიტიკებ მის გადაწყვეტილებას და ნუ შეეცდები, დაადანაშაულო. მას შენი მხარდაჭერა ასეთ დროს ყველაზე მეტად დასჭირდება.
- თუ მან დაასრულა ურთიერთობა, იყავი მისი მხარდამჭერი ამის შემდეგაც.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა ძალადობრივი იყო, შენი მეგობარი შეიძლება მაინც მარტოდ და სევდიანად გრძნობდეს თავს, ამ პერიოდში მას განსაკუთრებით დასჭირდება შენი მხარდაჭერა.
- ხელი შეუწყე, დრო გაატაროს მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში.
ძალადობის შემთხვევაში, მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარება შეახსენებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ.
- დაეხმარე, დაგეგმოს ურთიერთობის უსაფრთხოდ დასრულება
დაეხმარე, შეიმუშაოს გეგმა, რომელსაც ურთიერთობის დატოვებისას გამოიყენებს.
- ხელი შეუწყე, დაელაპარაკოს ადამიანებს, რომლებსაც დახმარების შეთავაზება შეუძლიათ.
ეცადე, აუხნა მეგობარსა თუ ოჯახის წევრს, რომ არსებობს ორგანიზაციები, სადაც უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მიიღებს. უთხარი, რომ მზად ხარ, დაეხმარო, მათთან გავიდეს კონტაქტზე, მოიძიე ასეთი ორგანიზაციები მისთვის.
- გახსოვდეს, რომ შენ ვერ „გადაარჩენ“ მას.
რაც არ უნდა ძნელი სანახავი იყოს საყვარელი ადამიანის ძალადობრივ ურთიერთობაში ყოფნის ნახვა, გახსოვდეს, რომ ის ერთადერთია, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მხარი დაუჭირე მას, რაც არ უნდა გადაწყვიტოს და ეცადე, მის გვერდით იყო, რათა დაეხმარო, იპოვოს გზა სიმშვიდისა და უსაფრთხოებისკენ.
დამატებით გახსოვდეს, რომ არასოდეს გაამჟღავნო შენი მეგობრის ან ოჯახის წევრის ადგილსამყოფელი ისეთ ვებ-გვერდებზე, როგორიცაა ფეისბუქი ან ტვიტერი. გახსოვდეს, რომ ძალადობრივი ურთიერთობის დატოვება ძალიან საშიშია, არ დაწერო ფეისბუქზე მათ შესახებ, სად ხარ მასთან ერთად და ა.შ.
თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ: „112“ ერთიანი საგანგებო ნომერი 24/7 საათის განმავლობაში. ასევე, კონსულტაციის მიღების მიზნით დარეკეთ ცხელ ხაზზე: 116 006
წყარო: იხილეთ აქ.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.