მისი სახელი დღემდე ყველამ იცის. კევინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერია. მან პირველად, ჯერ კიდევ ბავშობაში მისივე სკოლის კომპიუტერული ქსელი გატეხა. იგი ამაზე არ შეჩერებულა, მალევე გადავიდა სატელეფონო თაღლითობებზე, გატეხა ასობით სხვადასხვა კომპიუტერული ქსელი, პროგრამა და სახელი გაითქვა, როგორც საუკეთესო ჰაკერმა. კევინ მიტნიკი ლოს ანჯელესში იზრდებოდა, მაშინ როცა პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრია ფეხს იკიდებდა. ანდერგრაუნდის კულტურა სატელეფონო თაღლითობებით იყო გაჯერებული. სატელეფონო სერვისები კი ანალოგურიდან დიჯიტალურში გადასვლის პროცესში იყო. მან კომპიუტერისა და მოდემის გამოყენებით შესაძლებელი გახადა სატელეფონო სადგურის გამანაწილებლის მართვა, რასაც ერთ-ერთმა პირველმა ჯონ დრეიპერმა შეუწყო ხელი. კევინმა კი ამგვარი მანიპულაციები ახალ საფეხურზე აიყვანა და მეცნიერულ დონეზე შეისწავლა. სწორედ ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები დიდ გზაზე, რომელმაც ამერიკის ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად ჰაკერობამდე მიიყვანა. განსხვავებით სხვა ჰაკერებისგან, კევინმა სატელეფონო სერვისებს გაცილებით დიდი გამოყენება უპოვა, ვიდრე მხოლოდ უფასო საერთაშორისო ზარები იყო. მან ამ სერვისების საშუალებით გაიხსნა ფანჯარა სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში. იგი ძირითადად სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების მიერ სპეციალურად შექმნილ ტექნიკურ საშუალებებზე გადიოდა, რომლითაც შემდეგ სატელეფონო მოსმენებს, პელინგაციასა და სხვა ოპერაციებს ატარებდა. ეს მას ეხმარებოდა მინიმალურ დისტანციაზე მიახლოვებოდა ფედერალურ ბიუროს და შემდეგ ვირტუოზულად დასხლტომოდა ხელიდან. აზარტი და ამბიციები კევინის მთავარი დრაივი და ამავდროულად სუსტი წერტილი იყო. მიტნიკის დევნა ფედერალური ბიუროს მიერ და მისი გაქცევები პოპულარობაზე მხოლოდ საუკეთესოდ მოქმედებდა. მისი ერთ-ერთი დაკავება 1983 წელს სამხეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში განხორციელდა, საიდანაც მან ინტერნეტის მაშინდელ ჩანასახში, ArpNet-ში შეაღწია. იმ დროისათვის ის მხოლოდ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ქსელი იყო მაღალტექნოლოგიური პროექტებისათვის, რომელიც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შეიქმნა. სამართალთალდამცავების მიერ მისი აყვანის მომენტში იგი პენტაგონის კომპიუტერულ სისტემაში ცდილობდა შეღწევას. მას 6 თვით არასრულწლოვანთა კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განთავისუფლების შემდეგ კი მას “X Hacker” –ს წოდებდნენ.
რათქმაუნდა არც ერთი მისი დაკავება არ გამხდარა ბარიერი კევინისთვის შეეწყვიტა თავისი დაწყებული საქმე. უფრო მეტიც, ეს ყოველივე უფრო მეტ მოტივს აძლევდა. იგი კვალს თითქმის არ ტოვებდა და მისი გაშიფვრა წარმოუდგენელი იყო. თუმცა საბოლოოდ იგი კომპიუტერული უსაფრთხოების ერთ-ერთმა ექსპერტმა, ცუტომუ შიმამურამ გაშიფრა, რომელიც კევინის ყველაზე დასამახსოვრებელი კომპიუტერული თაღლითობის მსხვერპლი იყო. როგორც ყველა დიდი ჰაკერი, ახლა კევინიც მეორე მხარეს იბრძვის. მას კარგად იცნობენ ა.შ.შ-ს კონგრესშიც კი და იგი ხშირად დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში გვევლინება.
კევინ მიტნიკი იმ ადამიანების ნაწილს განეკუთვნება ვინც ისტორიას ქმნის და აძლევს სხვა ადამიანებს ინსპირაციას. სწორედ ამგვარმა ადამიანებმა წამოიწყეს ტექნოლოგიური პროგრესი და მცირე ნაბიჯები ნახტომებად გადააქციეს. რასაკვირველია მისი ბიოგრაფია სავსეა დანაშაულებებით, მაგრამ იგი აქაც მნიშვნელოვნად გვეხმარება, მოგვცა რა საუკეთესო ქეისები და მაგალითები, რომლებიც შეუცვლელია კიბერ კრიმინალის შესწავლაში. მანვე გამოსცა წიგნი: ”სიცრუის ხელოვნება”, რომელმაც ფარდა ახადა სოციალური ინჟინერიისა და თაღლითობის უამრავ მეთოდს.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.