stanley tookie williams – სტენლი “ტუკი” უილიამსი – (საოცარი მოვლენა)

სტენლი “ტუკი” უილიამსი (1953-2005 წლები), წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ბანდის “Crps”-ის დამაარსებელს, რომელიც 1981 წელს იქნა დაკავებული და სასამართლომ მას 4 ადამიანის მკვლელობისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასიკვდილო განაჩენის “მოლოდინში” სან-კვენტინის ციხეში ყოფნისას დაიწყო წიგნების წერა ბავშვებისათვის, რის შედეგადაც როგორც დიდმა ჰუმანისტმა, უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ამერიკულ საზოგადოებაში.

იმ 24 წლის მანძილზე, რაც სტენლი განაჩენის აღსრულებას ელოდა, თავის მიერ დაწერილი ნაწარმოებებით მსოფლიო აღიარებაც კი მოიპოვა. მან დაიწყო საბავშვო წიგნების წერა, სადაც უმთავრესი მოტივი გახლდათ, ბრძოლა ქუჩის და ზოგადად ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უილიამსის მიერ დაწერილი ყველა ნაწარმოები, იმთავითვე იქცა მსოფლიო ბესტსელერებად. მისმა ნათელმა და დამაჯერებელმა პროზამ, მიმართულმა ძალადობის წინააღმდეგ, უამრავი გულშემატკივარი შესძინა მას. რაც ყველაზე გამაოგნებელი ფაქტია, გახლავთ ის, რომ სტენლი უილიამსი, კაცი რომელსაც 4 ადამიანის მკვლელობისათვის სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი, 9-ჯერ იქნა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარდგენილი “ნობელის პრემიაზე”, მათ შორის 5-ჯერ მშვიდობისათვის, ხოლო 4-ჯერ ლიტერატურაში. გარდა ამისა იგი დაჯილდოებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური პრემიითაც. მიუხედავად იმისა, რომ სტენლის არც ერთხელ არ მინიჭებია “ნობელის პრემია”, ის ისტორიაში მაინც შევიდა, როგორც ერთადერთი სიკვდილმისჯილი, რომელიც წარდგენილ იქნა ამ საპატიო პრემიაზე.

მის შესახებ 2004 წელს ამერიკელი რეჟისორის ვონდი კურტის-ჰოლის მიერ გადაღებულ იქნა კინოფილმი, სახელწოდებით – “გამოსყიდვა”. იმ მრავალი წლის მანძილზე რაც სტენლი ციხეში იყო, მისმა ადვოკატებმა არაერთხელ მიმართეს სასამართლოს განაჩენის გადახედვისაკენ (მათ შორის ისინი მოითხოვდნენ, რომ მიესაჯათ თუნდაც სამუდამო პატიმრობა, ოღონდ არა სიკვდილით დასჯა), თუმცა ყოველთვის უშედეგოდ. რაც დრო გადიოდა სტენლლის გულშემატკივართა რაოდენობა, მით უფრო იმატებდა. ის, რომ სტენლი წარმომავლობით აფრო-ამერიკელი იყო, შავკანიანი მოსახლეობისათვის ერთგვარად აღიქმა, როგორც “თავის შავი ფერის კანს შეწირული ადამიანი”.

დაიწყო მასობრივი სახალხო დემონსტრაციები, სადაც შტატის გუბერნატორს, სტენლისათვის სიკვდილის დასჯის გადაწყვეტილების გაუქმებას თხოვდნენ. იმ ადამიანებისათვის, ვინც მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდა, წარმოუდგენელი იყო კაცი, რომელიც საბავშვო ლიტერატურას წერდა და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ გამოდიოდა, ადამიანის მკვლელად მიეჩნიათ. ამიტომ მისთვის გამოტანილ სასჯელს უსამართლობად მიიჩნევდნენ. სტენლის დასაცავად ხმა აღიმაღლა ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ – ჯესი ჯექსონი, Snoop Dogg, ჯეიმი ფოქსი და სხვები. მიუხედავად ამისა სტენლი უილიამსის განაჩენი ძალაში დარჩა, რადგან კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა უარი განაცხადა მისთვის “სასიკვდილო განაჩენის” სხვა სასჯელით შეცვლაზე. ამ საკითხის ირგვლივ შვარცნეგერმა განაცხადა, რომ გადახედა უილიამსის საქმეს და ვერ მოძებნა თუნდაც ერთი მცირე მიზეზი, რისთვისაც მისთვის სასიკვდილო განაჩენი უნდა გადაეხედათ. ამ მოვლენებს თვალს მშვიდად ადევნებდა თავად სტენლი უილიამსი და როდესაც მას ერთ-ერთი ჟურნალისტი ინტერვიუსათვის ესტუმრა ციხეში, განუცხადა, რომ სიკვდილის არ ეშინოდა, თუმცა ძალიან ეშინოდა ღმერთის!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading