მართვის მოწმობის აღდგენის საკითხები იმ პირებისთვის, ვისაც შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2025 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (1343-IVმს-XIმპ, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102923).
კანონის თანახმად:
1) პირი, რომელმაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით ან/და 123-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.
შენიშვანა:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვას და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებულ სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლი გულისხმობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებას ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა აღნიშნული მუხლების საფუძველზე შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ამ კანონის შესაბამისად. ამასთან, აღსაღნიშნავია ის გარემოება, რომ პირს აღნიშნულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა არ მოეთხოვება.
აღნიშნული პირის მიმართ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება უნდა აღსრულდეს 2026 წლის 1 თებერვლამდე.
აქვე, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხოლო, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ამასთან, ამავე კანონის თანახმად, პირი, რომელმაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, 451 მუხლით ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.
შენიშვნა:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლი გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას, მოხმარებას ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას.
ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1152 მუხლი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას.
მოცემულ შემთხვევაში, შემთხვევაში პირმა, შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღსადგენად უნდა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
ამავე კანონის თანახმად იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო აქვს შეჩერებული, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭოს.
შენიშვნა:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის დ1 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვა;
მოცემულ შემთხვევაში, პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღსადგენად და მართვის მოწმობისთვის 100 ქულის მისანიჭებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა არ მოეთხოვება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანო ან/და თანამდებობის პირი 2026 წლის 1 იანვარს უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობისთვის 100 ქულის მინიჭებას.
ამასთან, აღსაღნიშნავია ის გარეემოებაც, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება ვრცელდება, მათ შორის, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაზე.
ამასთან, პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მაინც მიიჩნევა ადმინისტრაციულსახდელდადებულად.
შენიშვნა:
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან არ გათავისუფლდება პირი, რომელსაც მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნუილი სასჯელის სახით, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბროძოლის შესახებ“ საქართელოს კანონით დადგენილი წესით.

იურისტი / ვებგვერდის ადმინისტრატორი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე