მტკიცებულებათა დასაშვებობა – მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინა (fruit of the poisonous tree doctrine)

„მოწამლული ხის ნაყოფის“ დოქტრინას და პრინციპს ამერიკის სამოსამართლეო სამართალში ჩაეყარა საფუძველი. დოქტრინა – fruit of the poisonous tree doctrine- დაამკვიდრა XX-ე საუკუნის დასაწყისში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ( საქმეში Silverthorne co. V United States (251 u.s. 385, 40 s, Ct. 182, 64 L.Ed 319, 1920)), ხოლო უშუალოდ „მოწამლული ხის ნაყოფის“ ტერმინი პირველად აშშ-ს ფედერალური უზენაეს სასამართლოს მოსამართლე ფელიქს ფრანკფურტერმა გადაწყვეტილების დასაბუთებისას გამოიყენა საქმეში Nardone v. Unated States (308 U.S. 338, 60 S. Ct.266, 84L, Ed.307, 1939).

მოწამლული ხის ნაყოფის პრინციპი სისხლისსამართლებრივი პრინციპია და ის ნიშნავს მტკიცებულებათა იმ კატეგორიას, რომელიც მოპოვებლია უკანონო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, კერძოდ, უკანონო ჩხრეკის, დაკავების, დათვალიერების, ამოღების ან დაკითხვის შედეგად. ამ პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობისას დაუშვებლად იქნება ცნობილი უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება და აგრეთვე, ყველა სხვა მტკიცებულებაც, რომელიც უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საშუალებით იქნა აღმოჩენილი. მეტი სიცხადისათვის , საგამოძიებო ორგანოები გარკვეულ მტკიცებულებას (ხეს) იყენებენ საქმის გარემობათა დასადგენად მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებათა (ნაყოფი) აღმოსაჩენად, მაგრამ თუ პირველი მტკიცებულება – ხე მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით და გამოძიების უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები პირველადი მტკიცებულების მოპოვებისას არღვევენ სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს ისინი წამლავენ ამ მტკიცებულებას. ხოლო როდესაც გამომძიებლები პირველადი მტკიცებულების მოპოვებისას არსებითად არღვევენ კანონს ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული (ნაწარმოები) მტკიცებულება სასამართლოსთვის მიუღებელი, დაუშვებელია.

აღნიშნული პრინციპი მოცემულია საქართელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლში, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
არსებითი დარღვევა არ ნიშნავს ნებისმიერი კანონმდებლობის დარღვევას. ყოველ მოცემულ შემთხვევაში მოსამართლის მიერ უნდა შეფასდეს დარღვეული ნორმის ხასიათი, კერძოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს იცავს დარღვეული ნორმა, ემსახურება თუ არა ბრალდებულის კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლების დაცვას და ა.შ.

წყარო:

– სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი 2015

წყარო იხილეთ: აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading